„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ტოგონიძემ დღეს, 13 მაისს, გამართულ სასამართლოს სხდომაზე მიიღო.
როგორც ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„2 700 ლარით დააჯარიმა იმ გარემოებაში, როცა ირაკლი ეძგვერაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, შემდგომ 48 საათი ჰყავდათ იზოლატორში. დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თურმე ეს მოძალადე პოლიციელები არც კი ჰყავთ გამოკითხული. დღეს სასამართლოში ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანდა, რომ ირაკლი ეძგვერაძე არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ჩადიოდა, არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა სასამართლოს, რომ მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ენმ-ის წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ 4 სექტემბერს, გვიან ღამით გლდანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, დეპუტატი კი პოლიციას ხელს უშლიდა. უწყების ცნობით, სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 500 ლარით დაჯარიმდა ირაკლი ნადირაძეც.