ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს – მესმის, საზოგადოებისთვის რთული აღსაქმელია 4-დან 7-წლამდე პატიმრობა – არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ კონკრეტული საქციელისთვის პასუხი აგოთ ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იყოთ საპყრობილეში

არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7- წლამდე არ იყოთ საპყრობილეში, – ასე უპასუხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კითხვას, რა ზიანი მიაყენა ისეთი, რომ ციხეში 4-დან 7-წლამდე უნდა იჯდეს.
მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძეს მოუწოდა, განემარტა, რა ზიანი მიაყენა?
„თქვენ დღეს წარმოდგენილი ხართ, როგორც დაზარალებული. ძალიან მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? – იცით, ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4 დან 7-წლამდე სასჯელს.
პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა. თქვენი პასუხია – კი. რა ზიანი მიგაყენეთ თქვენ რომ მითხრათ?“, – ჰკითხა ამაღლობელმა დგებუაძეს.
ამასთან დაკავშირებით დგებუაძემ უპასუხა, რომ ფაქტი არის ის, რომ ამაღლობელმა პოლიციელს მიზანმიმართულად გაარტყა ხელი სახეში, რაზეც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლი.
„ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი დგებუაძის მიზანი თქვენი საპყრობილეში ყოფნა არასოდეს ყოფილა. ფაქტი, რომ თქვენ პოლიციელს მიზანმიმართულად სახეში ხელი გაარტყით, ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით. მე მესმის, რომ საზოგადოებისთვის რთული აღსაქმელია 4-დან 7-წლამდე პატიმრობა. მე გულწრფელად არ გისურვებთ საპყრობილეში არც 4 წელს და არც არცერთ დღეს. სამწუხაროდ, თქვენი არასწორი სტრატეგიით, მხოლოდ და მხოლოდ, ირაკლი დგებუაძის ანტიპიარი მიდის და ირაკლი დგებუაძე პიარზე ნაკლებად ნერვიულობს. თქვენი გათავისუფლებისთვის სამართლებრივად თქვენი ეს სტრატეგია არ მუშაობს. არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იყოთ საპყრობილეში“,- აღნიშნა დგებუაძემ.
ირაკლი დგებუაძის ამ განმარტებაზე ამაღლობელმა უპასუხა, რომ მისი აზრით, შურისძიებას აქვს ადგილი – „მართლა მგონია, რომ ეს არის შურისძიება“.
დგებუაძემ შესაბამის რეპლიკას მცდარი უწოდა და დასძინა, რომ ის არ ისურვებდა მზია ამაღლების ციხეში ყოფნას.
„ანუ, მე ვცდილობდი თქვენდამი შურისძიებას? პირდაპირ გეუბნებით, რომ ცდებით. არა მარტო ირაკლი დგებუაძე, არამედ არც ერთი პირი თქვენს მიმართ არ ცდილობს შურისძიებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვისურვებდი თქვენს ციხეში ყოფნას, მაგრამ მე არ ვარ ის უფლებამოსილი პირი, რომელმაც თქვენი უდანაშაულობა და ბრალეულობა უნდა განსაჯოს, შესაბამისად, ჩემი აღქმით, თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ”, – უპასუხა დგებუაძემ მზია ამაღლობელს.