ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე

გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა, სახის მარჯვენა არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“. სარკეში ჩავიხედე, მქონდა სიწითლე, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ს სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის მიმდინარე აქციაზე სიტუაციის განსამუხტად გავიდა.
„არასოდეს ამირიდებია თავიდან არც განმარტებების გაკეთება, არც აქციის წევრებთან კომუნიკაცია, არც ჟურნალისტებისთვის სიტყვიერი პასუხის გაცემა. მე მივიჩნიე, რომ ჩემი გასვლით და მათთან დალაპარაკებით ცოტა უფრო დამშვიდდებოდა სიტუაცია. ხშირად მომიხერხებია და მოგვიხერხებია ერთობლივად, რომ კომუნიკაცია შედარებით მშვიდდებოდა – ხოლმე. მივედი. ქალბატონი მზია მეკითხება, ჩემი ოჯახის წევრები რატომ გყავთ დაკავებული, ვეკითხები გვარს. მეუბნება გაბაიძე. ვპასუხობ: – გიორგი? ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ აღელვებას, აგრესიას. არ შემშინებია ამ ტემბრის, მაგრამ ბუნებრივია დავინახე, რომ აგრესიული იყო. იმ მომენტში მივიჩნიე, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა…
მოულოდნელად პოლიციელის ქურთუკზე მქაჩავს. მეუბნება ფრაზას: „მე რომ დამაკავეთ“. პოლიციელის ქურთუკით მომქაჩა, გამიკვირდა, ეს შეურაცხყოფა არ დამიმსახურებია, გაოცებულმა შევხედე. შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, ესე ნუ მოიქცევით, მაგრამ შენიშვნის მიცემა არ დამცალდა, გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა სახის მარჯვენა არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემ მიერ განცდილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის რას განიცდის ადამიანი ამ დროს როცა სახეში ხელს ურტყამენ… მე განვიცადე ტკივილი. ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, “ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს”. ბუნებრივია, მეც დავინტერესდი რა მჭირს სახეზე. ჩემს სამუშაო კაბინეტში ასვლის შემდეგ, სარკე მაქვს სამუშაო კაბინეტში, ჩავიხედე, მქონდა სიწითლე“,- განაცხადა დგებუაძემ.
ამასთან, როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქართველოში ყველა ადამიანმა იცის, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ისჯება.
„არ მგონია საქართველოში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობდეს, რომელმაც არ იცის, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა დასჯადია. პირველმა კლასელმა ბავშვმაც იცის, არაიურისტმაც“, – განაცხადა დგებუაძემ. მისი განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ გულისხმობს. „სიტყვის თავისუფლებაში ყველაფრის უფლება არ იგულისხმება“, – განაცხადა დგებუაძემ.