ირაკლი (დაჩი) ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსი გახდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა.
ამ დრომდე იგი (სულ 2 თვის განმავლობაში) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა.
ირაკლი ბერაია 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.
პოლიტიკურ საქმიანობამდე მუშაობდა ქართუ ბანკში.
ირაკლი დაჩი ბერაია საზოგადოების ფართო მასებმა ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ამბით გაიცნო. მათ გამო ქვეყანა 2020 წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვერ გადავიდა.
საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 2019 წლის ნოემბერში 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. ეს ამბავი გასაკვირი იყო, რადგან ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი იყო. ერთ-ერთი დეპუტატი, ვინც “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და “ქართული ოცნების” ე.წ. ამბოხებული დეპუტატების წინა რიგებში აღმოჩნდა, ირაკლი (დაჩი) ბერაია იყო. მაშინ ოპოზიციაში გამყარდა აზრი, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მხარს სწორედ ამ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს უჭერდა და არა მათ, ვისაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურდათ.