ირაკლი ბერაია – შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ რაც პარლამენტის სხდომაზე მოხდა, იყო არასწორი და ეს არ უნდა თქმულიყო – იმედია, ამ საკითხზე, ერთხელ და სამუდამოდ, მსჯელობა დასრულდება

იმ არასასიამოვნო ინციდენტზე საუბარს, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, არ ვაპირებ. მე ამაზე ვისაუბრე. იმედია, ამ საკითხზე, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება განხილვა, მსჯელობა, – ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, კომიტეტის წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, რომელმაც სხდომაზე მას მისი მისამართით გამოთქმული განცხადებები კიდევ ერთხელ შეახსენა და გადადგომისკენ მოუწოდა.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საკუთარი განცხადებების გამო მან სინანული უკვე გამოთქვა.
„რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინციდენტს, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მე ამაზე ვისაუბრე და მეტ საუბარს არ ვაპირებ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ვთქვი, რომ ძალიან ვწუხვარ და შემიძლია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო. შესაბამისად, ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა, რაც საჭიროდ მივიჩნიე, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ყველაფერი გავაჟღერე. მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი და ეს არ უნდა თქმულიყო. ეს შემიძლია დავადასტურო. იმედია, ამ საკითხზე, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება განხილვა, მსჯელობა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს არ შეგვიქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს არცერთ ჩვენგანს კომიტეტში. შესაბამისად, თუ ვკონცენტრირდებით იმ საქმეზე, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რისი სულისკვეთებაც ამ კომიტეტში ყოველთვის არსებობდა, ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ოპოზიცია ყველა პროცესში ყოფილიყო ჩართული, იქნებოდა ეს ვიზიტები, მივლინებები და ა.შ. მათ შორის, რამდენიმე ბოლო ვიზიტში მე ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზე წამოსვლა, მათგან მივიღე უარი, ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით, ზოგი მოუცლელობის გამო. ასეთი იყო მაგალითად, ჰერმან საბო, . გასვლით ვიზიტებში არმაზ ახვლედიანსაც შევთავაზე ქვეყნის მასშტაბით წამოსვლა, უბრალოდ, მოხდა ისე რომ ჩვენი გეგმები არ დაემთხვა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგში ეს ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ბერაიას განცხადებას კომიტეტის სხდომაზე კვლავ გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია და მან კომიტეტის თავმჯდომარეს, მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო, ბოდიშის პირადად მოხდისკენ მოუწოდა.
„რაც შეეხება ბოდიშს, მე ასე ვიცი, როცა რაღაც შემეშლება ხოლმე, ადამიანს პირადად ვუხდი ბოდიშს და კარგი იქნებოდა, თუ პირადად ბოდიშსაც მოვისმენდი თქვენგან და არა ზოგადს, მათ შორის, ღიმილნარევს. მე ამას უფრო მივიღებდი ბოდიშად, ვიდრე ის ბოდიშის ფორმა, სადაც საერთოდ არ იყო საუბარი, რომ ბოდიშს უხდით იმ ადამიანს, ვისაც მიაყენეთ ტკივილი და ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი საკითხი, მე მყავს ოჯახი, ძალიან მძიმე ამბავი იყო, არ იყო ეს ადვილი ამბავი და არც ახლაა ჩემთვის ადვილი აქ ჯდომა. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ ბოდიშზე, ბოდიში პირადად არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.