დაპირისპირების რისკს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ახალგაზრდები წაიყვანეს და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად უცხო ძალების სამსახურისთვის დაადებინეს ფიცი – ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია ჩატარდეს აქცია, სადაც დააფიქსირებენ, რომ სურთ ევროპისკენ ღირსებით სიარული და პატივს სცემენ ენას, მამულს და სარწმუნოებას, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ქმნის “ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი კონტრაქცია დაპირისპირების საფრთხეს.
ბერაიას ინფორმაციით, 29 აპრილის აქციაში “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
„არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ცუდი და რუსული.
ადამიანებს ამის თაობაზე აზრის დაფიქსირების სურვილი აქვთ და ვერ ვხვდები, ამის გამო დაპირისპირება რატომ უნდა მოხდეს – ვინმეს ინტერესშია რომ დაპირისპირება მოხდეს? პოზიციის დაფიქსირების ლეგიტიმური უფლება მხოლოდ პროექტის მოწინააღმდეგეებს აქვთ?! ვინმეს არა აქვს ამ ქვეყანაში საპირისპირო აზრის დაფიქსირების უფლება?!
თუ ვინმე ქვეყნის მოღალატის ინტერესშია, რომ დაპირისპირება და რადიკალიზაცია მოხდეს, პირობას გაძლევთ, რომ ყველა კანონის უმკაცრესი ფორმით აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.