ირაკლი ბენდელიანი – ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება

ის, რომ ძველმა კომპანიებმა სამუშაოები ბოლომდე მიიყვანეს და მხოლოდ ასფალტის საფარი იყო დარჩენილი და {კონტრაქტი} ამ დროს გავუწყვიტეთ, ასე არ მომხდარა. ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ [კონტრაქტის გაწყვეტის] გადაწყვეტილება,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ის, რომ ძველ კონტრაქტორ კომპანიას „მილეინუმ გრუპს“ პროექტი გვიან ჩაბარდა, სიმართლე არ არის.
„ეს აბსურდია იმიტომ, რომ უშუალოდ პროექტის გამკეთებელიც და შემდგენი კომპანიებიც თვითონ იყვნენ, „მილენიუმიც“ და „ერტედეც“,- განაცხადა ბენდელიანმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოცულობის სამუშაო შეასრულეს წერეთლის გამზირზე ძველმა კონტრაქტორმა კომპანიებმა და რა მოცულობის ახლებმა, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნულს შესაბამისი სამსახური ითვლის.
„უშუალოდ სამუშაოს მოცულობას, რამდენი ტონა ასფალტი დაიგო და რამდენი ტონა სამშენებლო მასალა შემოვიდა ობიექტზე, ამას შესაბამისი სამსახური ითვლის. თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი, უდიდესი სამუშაოები ჩატარდა. ზოგადად, როდესაც ასფალტის საფარი მოეწყობა, აღსაქმელად ცოტა რთულია, ასფალტის ქვეშ რა სამუშაოები ჩატარდა. ფოტოებზეც არის ნაჩვენები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს არ მინდა ისე აღვიქვათ, რომ 9 თვე მხოლოდ ასფალტის საფარის მოწყობას დასჭირდა. ძირითადი ნაწილი დასჭირდა მიწისქვეშა სამუშაოებს, რომ ეს ქსელი მთლიანად განახლებულიყო, შეცვლილიყო იმიტომ, რომ გაუბედურებულ, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ჟანგიანი, აოხრებული მილები იყო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ მილების საშუალებით მიეწოდებოდა მოსახლეობისთვის წყალი. შესაბამისად, ეს ყველაფერი განახლდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა-განახლებაში მხოლოდ საგზაო კომპანიები არ მუშაობენ. ისინი აწყობენ სანიაღვრე ქსელს, მაგრამ იმის გარდა კიდევ უამრავი კომუნიკაციაა. შესაბამისად, კითხვა ისე დავსვათ, რომ ძველმა კომპანიებმა სამუშაოები ბოლომდე მიიყვანეს და მხოლოდ ასფალტის საფარი იყო დარჩენილი და {კონტრაქტი} ამ დროს გავუწყვიტეთ, ეგ ეგრე არ მომხდარა. ბევრჯერ ავხსენი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც ვნახეთ, რომ ის პირობა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი შეიძლება ვერ შესრულებულიყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. იყო უამრავი ფაქტები ხელშეკრულების პირობების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
დაახლოებით, 31 მილიონი ლარი არის საგზაო მიმართულებით გამოყოფილი. თუმცა საგზაო სამუშაოების გარდა ხედავთ, რომ მთლიან გამზირზე უამრავი სხვა სამუშაოებიც ტარდება. ბუნებრივია ამას თავისი თანხები სჭირდება, რაც გამოყოფილია. 31 მილიონი მხოლოდ საგზაო მიმართულებით გამოყოფილი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილემ უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბის გაჭრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მერიას უკვე ჩაბარდა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
„[პროექტის დასრულება] დამოკიდებულია, როდის გამოცხადდება ტენდერი. ახლა, უშუალოდ, ტექნიკურ დეტალებს გავდივართ, მაგრამ სამუშაოებს მაქსიმალურად მცირე დროში დავამთავრებთ“,- განაცხადა ბენდელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე