საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ დააკავა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2025 წლის 30 მარტს ციხეს დატოვებს. გამოცემა ekhokavkaz-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა.
კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა ციხეს ვადამდე ადრე დატოვებს.
მისი განმარტებით მას 9 წელი მიესაჯა, თუმცა ბებუას ციხეში 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარებინა. რობერტ კიუტის თქმით, დროზე ადრე ბებუას გაშვებას არავინ აპირებს, ყველაფერი იმ მუხლის და იმ განაჩენის შესაბამისად ხდება, რაც მას ე.წ სასამართლომ გამოუტანა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ციხე არ არის, მხოლოდ წინასწარი დაკავების დაწესებულებებია. ამის გამო, ე.წ კანონის მიხედვით, მსჯავრდადებულს 1 წელი 2 წლად ეთვლება. სწორედ ამ ე.წ კანონის შესაბამისად, ბებუას მისჯილი 9 წელი გაუნახევრდა.
