ირაკლი ალასანიას კომპანიამ ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მოამზადა

თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მომზადდა. ინფორმაცია ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Stipfold-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განვითარებას კომპანია “სოდი ინვესტმენტი” კომპანია LSG Solution-თან 2023 წლიდან გეგმავს. თავად “სოდი ინვესტმენტი” 2017 წელს საინვესტიციო ფონდ Guibor-ის მიერ დაფუძნდა. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს.
ჯერჯერობით აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შესახებ მიმართვა არ ფიქსირდება არც გრგ-ის შეთანხმებასთან, არც მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე და მის შესახებ მხოლოდ არქიტექტურული კომპანია Stipfold-ის მიერ გამოქვეყნებული რენდერებიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციის თანახმად, პროექტის მთლიანი ფართობი 32,000 კვადრატული მეტრი, ხოლო ცათამბჯენი 44 სართულიანი იქნება.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ირაკლი ალასანია შვიდი კომპანიის დირექტორია, მათ შორისაა საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია “კინორი” და ,,სოდი ინვესტმენტი’’. აღნიშნული საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია ფრანგი ბიზნესმენი დომინიკ რომანო, რომლის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ი საქართველოში პროექტებს 2018 წლიდან ახორციელებს. ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, ასევე დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 150-ნომრიანი სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარება. დეველოპერულმა კომპანია “კინორმა” კი თბილისში ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კინოსტუდიის ყოფილი პავილიონი კულტურული მეკვიდროების ძეგლს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, კინოსტუდიის პავილიონის შენობა შენარჩუნდება და ახალი ცათამბჯენი მის მიმდებარედ აშენდება.
bm.ge