ირაკლი აბესაძე გიგი უგულავას დაჯარიმებაზე – სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი – ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა

სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი – ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა, – ასე აფასებს ადვოკატი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ირაკლი აბესაძის თქმით, მოსამართლე ზვიად ცეკვავა არის „ივანიშვილის ახირების ასრულების შემკვრელი რგოლი“.
„სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი. -მ არ იცის, 17 იანვარს, რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციას. შსს-მ არ იცის, რამდენი ადამიანი ეტევა პარლამენტის წინ ადგილზე. შსს-მ არ იცის, როდის მივიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი აქციაზე. შსს-მ არ იცის, უკვე გადაკეტილ გზაზე გადავიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი, თუ თავად გადაკეტა გზა. შსს-მ თავად არ მიიღო არანაირი ზომა, რომ გზა გაეხსნა და ვიცით, როგორ მოქმედებს შსს, როცა კანონი ირღვევა. მიუხედავად ამისა, ასეულობით ადამიანი სურთ გამოაცხადონ სამართალდამრღვევად და გამოუწერონ 5 000 ლარიანი ჯარიმა ისევე, როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა. რადგანაც სამართლებრივი მტკიცებულებები და არგუმენტები არ არის ცალსახად, რა თქმა უნდა, ისედაც ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა. ის არის მნიშვნელოვანი რგოლი და მთავარი შემკვრელი რგოლი ივანიშვილის ახირების ასრულებისა, რომ ადამიანების საპროტესტო აქციები ჩახშობილი იქნეს დანაშაულების, ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებების ფასად. მათ შორის, ამ ძალადობაში იგულისხმება სამართლებრივი ძალადობა, ისეთი, როგორიც დღეს ვიხილეთ სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.