იპოთეკური სესხის პირველადი შენატანის 10%-მდე შემცირება უძრავ ქონებაზე მოთხოვნას წაახალისებს, თუმცა დრამატული ზრდა არ იქნება – ზუკა თავყელიშვილი

ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევრი, ზუკა თავყელიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი რეგულაციები უძრავი ქონების გაყიდვებს წაახალისებს, თუმცა ეს ზრდა დრამატული არ იქნება, რადგან ბინების გაყიდვა ძირითადად შიდა განვადებაზეა დამოკიდებული, რომელსაც დეველოპერები მომხმარებლებს სთავაზობენ და მეტწილად, გაყიდვებს სწორედ ამ შეთავაზებით ზრდიან.
„იანვარში, იპოთეკების გაცემის ზრდის ტემპი შენელდა და შესაბამისად, ეროვნული ბანკმა ამ ბაზრის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. ზოგადად, რომ ვთქვათ, იპოთეკური სესხები გაყიდვების დაგენერირების ერთადერთი წყარო არ არის. გაყიდვების დაგენერირების ძირითადი წყარო შიდა განვადების სქემებია, რომლებსაც დეველოპერები საკუთარ მყიდველებს სთავაზობენ და მათი გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ ამ სქემებზე მოდის, თუმცა იპოთეკურ სესხებს მთლიან გაყიდვებში, ჩვენი შეფასებით, 20-იდან 30%-მდე წილი უჭირავს, რაც გადანწყვეტი არ არის, თუმცა მაინც მნიშვნელოვან მოთხოვნას ქმნის.
რა თქმა უნდა, ამ ბაზარზე რეგულაციები უძრავ ბაზარზე მოთხოვნაში აისახება. რიცხვებში კონკრეტული შეფასებები არ გვაქვს, თუმცა ეს შემსუბუქებული რეგულაცია დამატებით მოთხოვნებს, რა თქმა უნდა გააჩენს, უფრო გაუმარტივებს მყიდველებს ბინის შეძენას ნაკლები შენატანით და მოსალოდნელია, რომ მოთხოვნას წაახალისებს, თუმცა ეს რაღაც დრამატული ზრდა არ იქნება“,- აღნიშნა თავყელიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.