იოსელიანმა სტერეოტიპული, დისკრიმინაციული და სტიგმის შემცველი დამოკიდებულება გამოავლინა – ადიქტოლოგთა ასოციაცია

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია სახალხო დამცველს მოუწოდებს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლენა მეტადონის პროგრამაში ჩართული პირების მიმართ. ასე ეხმაურება ასოციაცია 24 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლევან იოსელიანის განცხადებას.
იოსელიანმა თქვა, რომ მეტადონის პროგრამაში ჩართული პაციენტები მხარდაჭერას არ უნდა იღებდნენ იმავე/ახლოს მდებარე სივრცეში, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები იმყოფებიან. ასოციაციის შეფასებით, სახალხო დამცველმა მათ მიმართაც გამოიჩინა არამგრძნობიარე დამოკიდებულება, რადგან საუბრისას გათქვა ტრეფიკინგისა და წამების მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი.
“სახალხო დამცველის ხსენებული განცხადება შემაშფოთებელია, ვინაიდან ის ხელს უწყობს მეტადონით მხარდამჭერი თერაპიის პაციენტების მარგინალიზებას და აღვივებს ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას მკურნალობაში ჩართული პაციენტების მიმართ. კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფუნქციონირების ძირითადი გარანტორი, თავად მოგვევლინა მოწყვლადი ჯგუფის დისკრიმინაციის წამხალისებლად. ამასთან, პრობლემურია სახალხო დამცველის ხედვა და საკითხის გადაჭრის მისეული წარმოდგენა, რაც მეტადონით მხარდამჭერი თერაპიის პუნქტის სხვა ტერიტორიაზე გადატანაში გამოიხატება. მარგინალიზებასთან ერთად ეს მიდგომა უარყოფითად აისახება პაციენტებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კუთხით”, – ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.
გაერთიანება საუბრობს მეტადონით მხარდამჭერი თერაპიის სისტემურ გამოწვევებზე. მათი განცხადებით, არსებობს უამრავი პრობლემა, მაგრამ დაუშვებელია ისრების პაციენტებისკენ მიმართა და მათ მიმართ სტიგმის ჩამოყალიბება.