ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მის განცხადებაზე „აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი”.
მან „პირველ არხთან” განცხადება გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც მისსავე განცხადებებს მოჰყვა ამავე არხის ეთერში.
კერძოდ, ლევან იოსელიანმა გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი, რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა.
სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სხვა მოქალაქეებმა ამის გამო მწვავედ გააკრიტიკეს ლევან იოსელიანი და როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე თავად სახალხო დამცველს ინტერვიუების წაშლა მოსთხოვეს.
რამდენიმესაათიანი მოთხოვნის შემდეგ ინტერვიუები წაიშალა, თუმცა, დღეს ლევან იოსელიანი არ აღიარებს, რომ მის განცხადებას ზიანი მოჰყვა.
„თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია.
თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“. – თქვა ლევან იოსელიანმა „პირველ არხთან”.