სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს.
მისივე თქმით, რამდენადაც ინფორმაცია აქვს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
“მე როდესაც მას შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება”- თქვა იოსელიანმა.
იოსელიანმა ეს განცხდება ბრიფინგზე გააკეთა, სადააც მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ქალბატონი მზია მონახულებული იქნა შვიდჯერ, მათ შორის ჩემ მიერ პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები, მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
რაც შეეხება ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითა ქალბატონ მზას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი. უტარდება კვლევები. ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, იღებენ ინფორმაციას. ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი და ეს ინფორმაცია ჩვენ მიერაც არის გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულების ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებით ინფორმაცია”- თქვა იოსელიანმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, არსებობს ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც პერსონალური ინფორმაციაა და საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
“არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რომელიც პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რასთან დაკავშირებითაც მეტი ყურადღებაა საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას. ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული ვიქნებით რომ არც ჩვენ და არც პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რამე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას”- თქვა იოსელიანმა.