სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისმა აპარატმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეში დარღვევა ვერ დაინახა. თუმცა, მისივე თქმით, საქმეს სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ შეისწავლიან და დარღვევის არსებობის შემთხვევაში ამას ანგარიშში ასახავენ და განცხადებას გააკეთებენ.
“რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საქმესთან მიმართებაში, საპროცესო დარღვევებთან მიმართებაში, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად და ვამბობ იმიტომ, რომ ამის უკან დგას ჩემი უამრავი თანამშრომლის, პროფესიონალი ადამიანის ცოდნა, მოსაზრება და ეს ასეა. თვითონ საქმეში [ვერ დაინახა], რომელიც ჩვენ გვაქვს და პროცესში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვესწრებით. ასეთი დარღვევა, რომელზეც ჩვენ გვექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგვეხდინა რეაგირება [არ ყოფილა]… როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი”. – ამბობს იოსელიანი ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ომბუდსმენის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ლაზარე გრიგორიადისის თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მიმართეს და “დღემდე მონიტორინგი გამოძიების პროცესს”.
“ჩვენ ვსაუბრობთ არსებით საქმეზე, რომლის გამოც მას აქვს წაყენებული ბრალი. მე არ ვამბობ რაღაც ბრალი, რომელიც მიმდინარეობს, არის ლეგიტიმური, ჩვენ ვამბობთ, რომ დღემდე ის პროცედურები, რაც განხორციელდა სასამართლოში, ის მტკიცებულება რაც შეგროვდა ამ საქმეებზე, ჩვენ ვერ დავინახეთ აქ იმდაგვარი დარღვევა, რაზეც გვექნებოდა რეაგირების საფუძველი.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ შევისწავლით მთლიან საქმეს, თუ ასეთი გამოიკვეთება, დამიჯერეთ რომ ეს აუცილებლად აისახება ანგარიშში და გაკეთდება განცხადება, თუ არ გამოიკვეთება, ამაზეც საჯაროდ იტყვის სახალხო დამცველი, იმიტომ რომ, მესმის პოლიტიკური ინტერესები, მესმის, რომ ეს ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელია, ვიღაცისთვის – მისაღები, ჩემი ამოცანაა, ვთქვა სიმართლე და სიმართლე არის ის, რასაც ვამბობ ამ საქმესთან დაკავშირებით”. – თქვა ლევან იოსელიანმა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.
თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით დასკვნითი სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.