სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.
გარდა ამისა, განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
“სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს”- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მას დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა აქვს. დეპუტატს დაზიანებები აღენიშნება სახეზეც.