ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. შესაბამისად, დღეს იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას და მასზე მოსახლეობის დაერთების სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს, რომელთა მობინადრეების თხოვნით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 500 000 ლარით დაფინანსდება.