იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს

ბიზნესმენი, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, იოსებ (სოსო) ბაბაევი გაათავისუფლეს. მან წინასწარი მოთავსების იზოლატორი სასამართლო სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში დატოვა. გორის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ ყველა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ბაბაევი დააკავეს, უკანონოდ ცნო.
“მოიგონეს ასეთი ისტორია, რომ ვითომ, მე მივდიოდი რაღაცა კრიმინალურ გარჩევაზე, მათ [ამის შესახებ] ჰქონდათ რაღაცა ინფორმაცია და ამიტომ დამაკავეს. ეს არის აბსურდი. მოვდიოდი სახლში. ვიყავი მზად ყველაფრისთვის. თუმცა, არ ვიყავი მზად ასეთ ბავშვურ შეცდომას თუ დაუშვებდნენ. ეს [იარაღის ჩადება] იყო ძალიან დიდი შეცდომა იმიტომ, რომ ჩემი გადაადგილება, მოძრაობა, ყველაფერი ფიქსირდება – მე თავს ვიზღვევ და რომ გაიგეს ეს, ძალიან ინანეს.
წინააღმდეგობას არ ვუწევდი საერთოდ. უფრო მეტსაც გეტყვით — ერთი უზრდელური სიტყვა არ მითქვამს, არ მიყვირია, მირტყამდნენ, მაგრამ მე დავცინოდი მაგათ. ერთი უზრდელური სიტყვა ვერ ჩაიწერეს, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოეყენებინათ”, – თქვა იოსებ ბაბაევმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.
მან 6 ივნისს გამართულ სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ყველაფერი გადაიღეს და ხელმძღვანელ პირებს გადაუგზავნეს. ძალადობის კვალი ბაბაევს დაკავებიდან ორი დღის შემდეგაც ეტყობა.
ლევან დარბაიძე იმ მოსამართლეებს შორისაა, რომელიც ვეტინგის, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის დანერგვას მხარს უჭერს. მისი თქმით, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული, ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება და მზადაა, თავადაც გაიაროს ამგვარი შემოწმება, თუ საჭიროება დადგება. გარდა ამისა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ თუ ის კონსტიტუციას და სამშობლოს ვერ დაიცავს, ვერც ადამიანის უფლებების დაცვას მოახერხებს.
ამავე თემაზე:
· გორში, დაკავებული იოსებ ბაბაევის მხარდასაჭერად, აქცია იმართება