იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ელბურუს გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე დაცვის მხარე 8 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ინტერესების დამცველი კი განმარტავს, რომ ბრალდებული შემთხვევის დროს თავს იცავდა. ის შესაბამისი ექსპერტიზის პასუხებსა და გამოკითხვებს ელოდება და არ გამორიცხავს, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვოს.
ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სუფრაზე მოხდა, რის შემდეგაც, გუსეინოვმა მამედოვი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და დანით სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში 12 აგვისტოს მოხდა.
