„ინციდენტის” გამო, საპატრიარქო აქციების დროს, ღამით, ქაშვეთის ტაძარს ღიას აღარ დატოვებს

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 10 მაისს მომხდარი „ინციდენტის“ გამო, ქაშვეთის ტაძარს საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 10 მაისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო,“ – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეკანოზი დავით დელიბაშვილის საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან ამბობს, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, სასულიერო პირებისგან უარის მიღების შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილზე მყოფებს.
“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში ვიყავით მე, მწირველი მღვდელი, პროტოდიაკონი და მედავითნე. სამზადისში ვიყავით წირვის დაწყებისთვის, როცა 3 ახალგაზრდა შემოვიდა და პირველი, რაც გავიგე, ხმაური და უპატივცემლო მოქმედობა იყო. ხმაურით შემოვიდნენ, ნასვამები იყვნენ, როგორც ეტყობოდათ. […]
დიაკვანს სთხოვეს, თუ შეიძლება საკურთხეველში შემოსვლაო. უარი უთხრა რა თქმა უნდა. დადგნენ გასასვლელ კარებთან და ხმაურით, უპატივცემულოდ იქცეოდნენ, ეკლესიაში ასე მოქცევა არ შეიძლება. მსახურებას ვიწყებდით და პროტოდიაკონი მივიდა და სთხოვა არ ეხმაურათ. ამ დროს მედავითნეც მივიდა. მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა დიაკვნისადმი და მედავითნისადმი. […]
სტოაში გამომყვნენ, მაგრამ სტოაში ინციდენტი გაღრმავდა და დაიწყო მათი მხრიდან პროვოკაციული მოქმედება და მუქარები. გვემუქრებოდნენ – სულ რამდენიმე დღე დაგვაცადეთ და თქვენ გაჩვენებთო. წესრიგისკენ მოვუწოდე. რა წესები, ჩვენ წესებს არ ვემორჩილებითო… შეურაცხმყოფელი ტონით, სიძულვილის ენით გვესაუბრებოდნენ. […]
წავიდნენ აქედან გინებით, ლანძღვით… განსაკუთრებით ბილწი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ეკლესიას და სამღვდელოებას”. – თქვა დეკანოზმა დავით დელიბაშვილმა ერთსულოვნებასთან.
წყარო: ტაბულა