“ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება გაცილებით ადრე დაიწყება” – ICCA გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებებზე

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გიორგობიანის შეფასებით საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში შევიდა კონკრეტული ვადები დადგინდა და ბიზნესისთვის პროცესი გამარტივდა. “საქმის კურსთან” საუბრისას მან განაცხადა: “განხორციელებული ცვლილებები ცალსახად პროგრესია” და აღნიშნა, რომ პროცესის გამარტივება ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 26 ივნისს შეიტანა. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი ბიზნესისთვის გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცედურების გამარტივება იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა დააკორექტირა. გარემოს დაცვითი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, პირვანდელი ინიციატივის მოდიფიკაციის მიუხედავად, გზშ-ს განხილვის პერიოდი გაიზარდა, თუმცა ფასიანი სერვისი ამოქმედდა და მისი ღირებულების ზედა ზღვარი 15 000 ლარით არის განსაზღვრული.
ირაკლი გიორგობიანის თქმით, აქამდე ბიზნესს პროექტის იმპლემენტაციის სტადიაზე გადასასვლელად გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მოპოვების გათვალისწინებით 18 თვე მაინც სჭირდებოდა, რაც პროექტს აჭიანურებს.
“პროცედურები გამარტივდა და უფრო დაიხვეწა, განისაზღვრა კონკრეტული ვადები პროცესის ორივე მხარეს, რაც ცალსახად ვფიქრობ, რომ ბიზნესს ხელს შეუწყობს. ვადები არაპროგნოზირებადი იყო და საშუალოდ 18 თვეს სჭირდებოდა, ახლა კი ზოგადად პროცესი პროგნოზირებადი გახდა. მოგეხსენებათ, რომ ეს კერძო სექტორისთვის, შესაბამისად მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენდა, ცალსახად პოზიტიურად ვაფასებთ. რა თქმა უნდა, უკეთესი და უკეთესი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი საჭიროა პროექტის ინიციირებიდან მის იმპლემენტაციის სტადიაზე გადასასვლელად. შესაბამისად, თუ ამ დოკუმენტზე ჩვენ განუსაზღვრელ ვადას ვხარჯავთ, რა თქმა უნდა, იმ პროექტების განხორციელებაც ვადაში იწევს. აქედან გამომდინარე ცალსახად პოზიტიურია, რომ ფაქტობრივად დაგეგმილი თუ განსაზღვრული კაპიტალური ინვესტიციები თუ ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციის სტადია გაცილებით ადრე დაიწყება, ვიდრე აქამდე იწყებოდა, რასაც თავისთავად ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი ექნება”, – ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი.