სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტში უწყება მიუთითებს სისტემური ხასიათის საკითხებზე, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
დოკუმენტის მიხედვით, ₾4 მლნ ვალდებულების გადასახადია აუთვისებელ კრედიტებზე. საინტერესოა, რომელი პროექტების გეგმა ვერ შესრულდა 2023-24 წლებში?
“საყურადღებოა, ისეთი კრედიტებით დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისების ტენდენციები, რაც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე,” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აუდიტის მიხედვით, აგრეგირებულ დონეზე ათვისების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტიდან ცალკეულ შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც დაბალი ათვისების, ასევე ნულოვანი ათვისების ტენდენციებს. კერძოდ:
· 2 პროექტის შემთხვევაში, ჯამური გეგმით 9 მლნ ლარი, საერთოდ არ მომხდარა გეგმით გათვალისწინებული თანხების ათვისება. ეს პროექტებია: ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა (AFD) – გეგმა 3 მლნ ლარი, ფაქტი 0 ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) – გეგმა 6 მლნ ლარი, ფაქტი 0 ლარი.
· 24 პროექტის შემთხვევაში ათვისებულ იქნა გამოყოფილი დაფინანსების 80%-ზე ნაკლები. აღნიშნული პროექტებიდან 12 პროექტი 2023 წელსაც ანალოგიური ტენდენციით ხასიათდებოდა.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ისეთი კრედიტებით დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისება, რაც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე საბოლოო ჯამში შესაბამისი სესხების ფარგლებში გამოყოფილი რესურსის დაბალ ათვისებაში აისახება, რაც იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.
მიმოხილვაში წერია, რომ 2015-2020 წლებში გაფორმებული 12 საინვესტიციო სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულმა თანხამ 217.1 მლნ ევრო შეადგინა, რაც ხელშეკრულებებით ჯამურად გათვალისწინებული თანხის 32%-ია (ჯამური თანხა 677.8 მლნ ევრო). აღნიშნულ სესხებზე 2024 წლის განმავლობაში გადახდილია 4 მლნ ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი. საყურადღებოა, რომ მოცემული საგარეო კრედიტების ხარჯზე დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების უმეტესობა გასულ წლებში დაბალი ათვისებით ხასიათდებოდა.
