ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბათუმისა და კახეთის ავტომაგისტრალებზე ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესებას გეგმავს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების პროექტებში ლანდშაფტური და ურბანული კომპონენტების გათვალისწინების ინიციატივით გამოდის. საკითხი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. სამინისტროს ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო უწყების ინიციატივა – ჩატარდეს ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პოტენციური ადგილების პროექტირება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალურ გზებს თბილისი-ს მიმართულებით და კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთს.
,,შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების პროექტებში ლანდშაფტური და ურბანული კომპონენტების ინტეგრირების მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გულისხმობს არა მხოლოდ გადაადგილების გაუმჯობესებას, არამედ ეკოლოგიური, სოციალური და ვიზუალური ფაქტორების გათვალისწინებასაც.“- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინიციატივის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე გამწვანების ზონები უნდა შეიქმნას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამწვანება ამცირებს მტვერსა და ხმაურს, აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგრადობას და ვიზუალურ გარემოს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.