ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ევროკოდების დანერგვის ხელშეწყობისთვის ახალ პროექტს ახორციელებს

სამშენებლო ინდუსტრიაში ევროკოდების დანერგვის პროცესს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელების გზით გაუწევს აქსელერაციას.
ქვეყნის ეკონომიკისათვის სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს, შესაბამისად, მისი მოდერნიზაცია და გაძლიერება ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია. სწორედ ამას უკავშირდება ის ძალისხმევა, რომელსაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია წევრ და პარტნიორ კომპანიასთან “ელემენტ ჰოლდინგთან” ერთად ინდუსტრიისათვის საკვანძო საკითხის ხელშეწყობისათვის იმუშავებენ.
პროექტის ფარგლებში, უცხოელი საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, ჩამოყალიბდება ევროკოდების სატრენინგო პრაქტიკული მოდული, რომლითაც გადამზადდებიან სამშენებლო სექტორში დასაქმებულები.
“ელემენტ ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ზაქრო ებელაშვილი პროექტის ფარგლებში, კომპანიის როლთან დაკავშირებით საუბრობს: „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – ხელი შეუწყო და მოამზადო სამშენებლო სექტორი ევროკოდების შესახებ. ამის საშუალებას, ერთი მხრივ, 16-წლიანი გამოცდილება, მეორე მხრივ კი – სანდო პარტნიორი გვაძლევს – „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სახით“. ევროკოდების დანერგვა საქართველოში სამშენებლო სექტორს სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს. კარგად გვაქვს გაცნობიერებული შედეგის თანმდევი უპირატესობები, ამიტომაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ევროკოდების საქართველოში დამკვიდრება და მისი იმპლემენტაცია მხოლოდ სამშენებლო სექტორის განვითარებას არ ემსახურება, ესაა ევროინტეგრაციისა და მისი სტანდარტებისკენ მიმართული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.
ყოველივე ეს დაგვეხმარება, რომ ქვეყანაში ევროკოდების სავალდებულო პროცესს სექტორი დახვდეს მომზადებული და კვალიფიციური, უახლესი ცოდნით აღჭურვილი პერსონალით.”
პროექტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჩატარდება სემინარები არამხოლოდ თბილისში, არამედ ზუგდიდსა და ბათუმში.