„ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრი პრობლემაა, ტროტუარები არ გვაქვს, შეიძლება, რომ გუდაურამდე გზა იკეტებოდეს?!“ – ჰოტელიერი

„ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრი პრობლემაა, ტროტუარები არ გვაქვს, შეიძლება, რომ გუდაურამდე გზა იკეტებოდეს?!“ – ამის შესახებ ჰოტელიერმა, „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ გუდაურის კურორტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით კურორტზე ბევრი პრობლემაა, ტურისტების მოზიდვა კი ბიზნესის კერძოდ, მათი მომსახურების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება.
„ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრი პრობლემაა, წინა წლიდან, ამ ზამთრის სეზონამდე ვერ გეტყვით რამე კონკრეტულს, რაც გაკეთდა. მაგრამ, ძალიან ბევრს გეტყვით, იმაზე თუ რას აკეთებს კერძო სექტორი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი შემოვიყვანოთ.
კურორტების განვითარების თემაზე ძალიან დიდ ხანს და ბევრს ვსაუბრობთ კერძო სექტორი. განსაკუთრებით უჭირს მაღალმთიან ზამთრის კურორტებს. ზამთრის კურორტი ხომ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ტურიზმი. შესაბამისად, თუ ძვირადღირებულ ტურიზმში კერძო სექტორს იმდენი ხალხი მოგვყავს, რომ შარშან უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა და წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით (თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს), რას ვთავაზობთ ამის სანაცვლოდ?! ამაზე ხომ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ინფრასტრუქტურულად გზები არ გვივარგა, ჩვენამდე მოსასვლელი გზები არ არის. შეიძლება, რომ გუდაურამდე გზა იკეტებოდეს?! ამინდის პროგნოზი ხომ გაცილებით ადრე შეიძლება ინახოს, რომ გზა არ ჩაიკეტოს.
რამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ზამთრის კურორტებზე ტურიზმის უმეტესი ნაწილი არის სპორტული, მოსრიალეები არიან და ძალიან დიდი ალბათობაა დაშავების. ერთადერთი სამედიცინო პუნქტი გვაქვს.. ანუ, დღეში ძალიან დიდი ალბათობაა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანიც კი დაშავდეს სრიალის დროს და არ გვაქვს სამედიცინო პუნქტი, რომელიც ამ ადამიანებს მიხედავს. თუმცა, ამის მიუხედავად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები გვინდა, რომლებიც მიჩვეულები არიან და იციან, რა ხდება ევროპულ კურორტებზე. ელემენტარულად, იმასაც ვერ გავაკეთებთ, რომ თბილისში თუ არ წამოვიყვანეთ, იქვე მივხედოთ, ან საერთოდ ექიმმა მიხედოს.
სერვისი გაუმჯობესდა ჩვენი, კერძო სექტორის ხარჯზე. ერთმანეთის კონკურენციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ რაც შეიძლება კარგი სერვისი დაიდოს თვითონ შიგნით სასტუმროში. კარგი კვება, კარგი მომსახურება, მაგრამ ჩვენ ხომ ზოგადად კურორტზე ვსაუბრობთ?!
გუდაურში, სადაც ტრაილერები და სატვირთო მანქანები მოძრაობენ და გზის პირას არის სასტუმროები, მათ შორის ჩემიც, ძალიან ბევრი გვიწერს, რომ არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ, როდესაც გარეთ გავდივარ. ამიტომ, იძულებული ვართ ჩვენი შიდა ტრანსპორტით გადავაადგილოთ. თავიდან დავიწყეთ დილით და საღამოს გადაადგილება და მერე უკვე ორჯერადი გავხადეთ. ანუ, ჩვენ, კერძო სექტორი ვიზრდით მერე ხარჯებს იმისთვის, რომ კმაყოფილი ვამყოფოთ სტუმარი, თორემ ტროტუარები არ გვაქვს“, – განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი