ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორის FDI-ში უშუალოდ IT კომპანიების წილი ძალიან ცოტაა – თორნიკე თოხაძე

საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარის თორნიკე თოხაძის შეფასებით, ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორის FDI-ში უშუალოდ IT კომპანიების წილი ძალიან ცოტაა.
საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორში FDI წლიურად 2,8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2024 წლის პირველ კვარტალში სექტორში 18,1 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი $52,3 მილიონამდე გაიზარდა.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქსტატის მონაცემების გაანალიზებისას თორნიკე თოხაძემ აღნიშნა, რომ 52 მილიონი დოლარის FDI-ში უშუალოდ IT კომპანიების წილი, ალბათ 20%-ს არ აღემატება.
საკუთარი შეფასების გასამყარებლად საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარემ BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი -ინვესტორების ვინაობაც მოიშველია, საიდანაც ჩანს, რომ TOP-10 კომპანიას შორის, სადაც წელს იანვარ-მარტში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, IT სერვისების ექსპორტით დაკავებული კომპანიებიც რიცხვი ცოტაა.
„TOP ინვესტორებს შორისაა „კავკასუს ონლაინი“, „სელფი“, „მაგთიკომი“ და ა.შ. ამ კომპანიების ინვესტიციები განაპირობა გარკვეულმა ვალდებულებებმა, რომელიც მარეგულირებელმა განსაზღვრა. მაგალითად: 2024 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაგთის“ მიენიჭა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსი, რაც მას ავალდებულებს, თავის ქსელში ჩართო სხვადასხვა ინტერნეტ-პროვაიდერი, რასაც სჭირდებოდა ინფრასტრუქტურული მზაობა, გადამზადება და ა.შ. შესაბამისად, ეს FDI-ის ჩადების ერთ-ერთი ფაქტორია. ასევე არის „სელფი მობაილის“ ნაწილი, რომელსაც 5G-ის დანერგვის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ამდენად, უშუალოდ IT კომპანიების წილი ჯამურ FDI-ში არის ძალიან ცოტა და FDI-ის თითქმის 3-ჯერ ზრდა განპირობებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ჩადებული ინვესტიციებით“, – განაცხადა თორნიკე თოხაძემ.
მისივე თქმით, ინფორმაცია/კომუნიკაციების სექტორის FDI-ში უშუალოდ IT კომპანიების წილი რომ მცირეა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ IT სერვისის ექსპორტი და შესაბამისად, შემოსავლები გაზრდილი არაა.
საქმე ის არის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა 688 მილიონი დოლარამდე, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-ით ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია.
„კიდევ ერთი საზომი, რომ პირველ კვარტალში IT სექტორში [FDI-ის წილი იყო ცოტა], არის ის, რომ როცა ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება, ასეთ დროს ბაზარზე ადამიანურ კაპიტალზე დიდი მოთხოვნა, მაგრამ ამ ეტაპზე მოთხოვნა 25%-ითაა შემცირებული. იმ კომუნიკაციიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც რეკრუტერებისგან ვიღებთ,
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუმმა, რომელიც ჯერ covid-პანდემიით, შემდეგ კი – რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა, გადაიარა. ეს ფაქტორები მილეულია“, – თქვა თორნიკე თოხაძემ და თავისი ანალიზის გასამყარებლად მოიშველია „ოცნების“ პარლამენტარების ინიციატივა, რომელიც უცხოელი IT პროფესიონალებისთვის 3-წლიანი ბინადრობის უფლებას ითვალისწინებს.
„ცვლილებების მიზანია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა“, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორი დეპუტატები.
„წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ICT სექტორის გამოწვევებსა და პოტენციალზე და აღნიშნა, რომ სექტორის განვითარებისთვის და ინვესტორების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, როგორც განვითარების კომპლექსური სტრატეგია, ისე პოლიტიკური სტაბილურობა.