„ინფორმაცია, თითქოს შოვში სტიქია 2 საათით ადრე დაიწყო, კვლევების შედეგებს არ ეფუძნება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

„ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შოვში სტიქია 2 საათით ადრე დაიწყო, არ ეფუძნება კვლევების შედეგებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეგვიძლია შევაფასოთ“, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ს 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები, რომელშიც აღნიშნულია, რომ კურორტზე ტრაგედიამდე ადრეული მონიტორინგის სისტემების არსებობის შემთხვევაში განგაშის გამოცხადება 2 საათით ადრე იქნებოდა შესაძლებელი.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნა მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული.
ინფორმაციისთვის, წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში მყინვარიდან მომდინარე საფრთხეების შეფასება და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიაზე (უახლესი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სატელიტური მასალის ანალიზს) დაყრდნობით გრუნტის გადაადგილების გზით წარმოქმნილი საფრთხის კერების, ასევე, კონკრეტული საფრთხის შემცველი უბნების იდენტიფიცირება, შემდგომ კი, აღნიშნული რისკის დონის მიხედვით პრიორიტეტების დადგენა რისკის ზონებში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
ამ ეტაპზე, კომპანიამ GEOTEST AG გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვლევების პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა.