“IT სექტორი საქართველოში შეიძლება ვითარდებოდეს როგორც დასაქმების და ბრუნვის მაჩვენებლებით ძლიერი სექტორი, მაგრამ რეალურად ფისკალური ეფექტი და ადგილობრივი კომერციალიზაცია დაბალია, საკანონმდებლო შეღავათების ბიზნესმოდელის გამო. ადგილობრივ ბაზარზე დაბალი რეალიზაციისა და დაწესებული შეღავათების ფონზე, ICT (ინფორმაცია და კომუნიკაცია) სექტორის ასახვა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფრაგმენტულია,”- ვკითხულობთ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მომზადებულ კვლევაში, რომლის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოს ტექნოლოგიურ სექტორში – IT და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, აშკარა დინამიკური ზრდა შეიმჩნევა. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსვლა და ადგილობრივი ინოვაციური ბიზნესების გაძლიერება ქმნის მაღალ კონკურენტულ სამუშაო ადგილებს, თუმცა, სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში რიცხვებით გამოხატული კონტრიბუცია, იმავე მასშტაბით ვერ ახდენს გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, უცხოური კომპანიების დომინაცია, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაღალი წილი, არსებული საგადასახადო შეღავათები და ადგილობრივი რეალიზაციის დაბალი დონე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით სექტორის მიერ შექმნილ დოვლათზე.
კვლევაში წერია, რომ ICT სექტორის (ინფორმაცია და კომუნიკაცია) რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი მკვეთრ ზრდას 2020 წლის შემდგომ აჩვენებს. მკვლევრები ამ ორი ფაქტორით ხსნიან შემდეგს: ერთის მხრივ Covid პანდემიის პერიოდში, ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, მეორეს მხრივ კი 2022 წლიდან (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ) ქვეყანაში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა, რომელთა უმეტესობა სწორედ ICT სექტორშია დასაქმებული.
“გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ICT საწარმოების უმეტესობა უცხოურია, სავარაუდოა, რომ სექტორის მიერ შექმნილი დოვლათის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის, რადგან პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრება და საბოლოო გაყიდვა უცხოეთში ხდება. ბიუჯეტში კი ძირითადად მხოლოდ ხელფასებიდან მიღებული გადასახადები შედის. საქართველოში უცხოური ICT კომპანიები სარგებლობენ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით, რის შედეგადაც გათავისუფლებული არიან მოგების გადასახადისგან, თუ პროდუქტი ექსპორტზე გადის. შედეგად: სექტორის ბრუნვა მაღალია, მაგრამ ქვეყანაში დარჩენილი რეალური ფისკალური ეფექტი დაბალი. ქვეყანას ჰყავს განვითარებადი IT სექტორი სტატისტიკურად, მაგრამ მის მიერ შექმნილი ღირებულება სწრაფად გადის გარეთ,”- ვკითხულობთ კვლევაში.
IDFI-ის კვლევის თანახმად, IT სექტორის კომპანიები ორი ძირითადი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ: საერთაშორისო კომპანიის სტატუსითა და ვირტუალური ზონის სტატუსით. საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები შემდეგია: საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.
“ვირტუალური ზონის სტატუსის შემთხვევაში კი არ იბეგრება კომპანიის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება; ასევე არ იბეგრება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული მიდგომით, IT კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით იმ შემთხვევაშიც, თუკი დასაქმებული პირი ფიზიკურად არ ცხოვრობს საქართველოში, იმ დათქმით რომ კომპანია გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად,” – წერია კვლევაში.
