ინფლუენსერ მარკეტინგის როლი თანამედროვეობაში – სასწავლო კურსი „გრინ ჯორჯია“-სგან
21-ე საუკუნე გამოწვევებისა და საინტერესო აქტივობების ეპოქაა. სწორი დაგეგმვით, იდეებითა და საკუთარი უნარების მართვით, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ შემოსავალი იმ საქმიანობით, რაც მათ უყვართ. სწორედ აღნიშნულზეა ორიენტირებული „გრინ ჯორჯიას“ აკადემია – ის დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სასწავლო კურსს თემაზე ინფლუენსერ მარკეტინგი.
უფრო დეტალურად, „გრინ ჯორჯია“-ს თანადამფუძნებელი, მეგი ჯაში გვესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ინფლუენსერ მარკეტინგი საზღვარგარეთ ძალიან გაყიდვადი და მოთხოვნადია და დღითი დღე მოისაზრება, როგორც პროფესია. მისივე თქმით, აღნიშნული სფერო ჩვენს ქვეყანაშიც ვითარდება და საქართველოში უკვე ბევრი წარმატებული ინფლუენსერია.
„ეს გახლავთ შემოსავლის ძალიან დიდი წყარო მარკეტინგული კუთხით. რეალურად, ადამიანი აკეთებს მისთვის საყვარელ საქმეს – იქნება ეს მოგზაურობა, კვება, მოდა, ჯანსაღი ცხოვრება თუ სხვა… თუმცა, ის საკუთარ ჰობს ხდის შემოსავლიანს. გვინდოდა, ეს დასავლური მეთოდი საქართველოს ბაზარზეც შემოგვეტანა. საქართველოში ყველა ინფლუენსერი არის თვითნასწავლი. ჩვენ გვსურს, ადამიანებს მივცეთ საბაზისო ცოდნა, თუ როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები და როგორ გახადონ საკუთარი თავი ჯერ ბრენდი, ხოლო შემდგომ – შესთავაზონ ის საზოგადოებას, საიდანაც უკვე მიიღებენ ფინანსურ სარგებელს“, – აღნიშნავს მეგი.
მისი თქმით, კურსის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, თუმცა, იმის გამო, რომ „გრინ ჯორჯია“-ს ყველა კურსი დაფუძნებულია წამყვან, მცოდნე კადრებზე, საჭირო იყო ბევრი მუშაობა.
მეგი ჯაში საუბრობს, რა შედეგებზეა კურსი ორიენტირებული და, საბოლოოდ, რა უნარების ათვისება შეუძლიათ კურსდამთავრებულებს.
„კურსის ფარგლებში ისწავლება, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ კონტენტი – ვისზე გვაქვს ის გათვლილი, ფოტოგრაფია, ბლოგი და ვლოგი, ვიდეოგრაფია – ანუ, დეტალურად ყველა ის საგანი, რაც საჭიროა ამ სფეროში დასაქმებისთვის. ჩვენს კურსდამთავრებულებს ეძლევათ შანსი, საქართველოში წამყვან კომპანიებთან, ბრენდებთან ითანამშრომლონ. ეს კი მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ მოიპოვონ პირველი დამკვეთი“.
„გრინ ჯორჯია“-ს თანადამფუძნებელია ასევე ეკატერინე ყუბანეიშვილი. ის დეტალურად განმარტავს, რას ითვალისწინებს ინფლუენსერ მარკეტინგი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა მიზანზეა ორიენტირებული ხსენებული კურსი.
თავდაპირველად, გვესაუბრეთ – რას ნიშნავს „ინფლუენსერ მარკეტინგი“?
ინფლუენსერ მარკეტინგი ტრადიციული და თანამედროვე მარკეტინგული საშუალებების სინთეზია, რომელიც მოიაზრებს ბრენდისა და ინფლუენსერის თანამშრომლობას კომპანიის, პროდუქტის ან მომსახურების სარეალიზაციოდ. მთავარი იდეა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების შერჩევასა და მათი დახმარებით თანამედროვე, კონტენტზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების წარმოებაში მდგომარეობს.
ინფლუენსერი იყენებს თავის ცოდნას, გამოცდილებას და ავტორიტეტს, რათა გავლენა მოახდინოს ადამიანებსა და ჯგუფებზე. ისინი კომპეტენტურნი არიან თავიანთ სფეროში, ქმნიან სპეციალურ ინფორმაციას, ჰყავთ მიმდევრები სოციალურ ქსელებში, იყენებენ აქტიურად ახალი მედიის არხებს და საშუალებებს ბრენდების, პროდუქტების პოპულარიზაციისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის.
კონკრეტულად, რაზეა ორიენტირებული ზემოხსენებული კურსი?
სასერტიფიკატო პროგრამებს მე და ჩემი პარტნიორი – მეგი ჯაში წლებია, ვხელმძღვანელობთ. ჩვენს წამოწყებას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მთავარ მიზანს განსხვავებული, საინტერესო და მოთხოვნადი პროგრამების შექმნა წარმოადგენდა. წლებია, ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა პოპულარობით სარგებლობს, რამაც მოგვცა საფუძველი, შეგვექმნა აკადემია, რომელიც მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებდა საზოგადოებას. ჩვენი მიზანი ახალი პროფესიების დანერგვაა, რომელიც ევროპული განათლების ხარისხს, თანამედროვე ტენდენციებს და ინოვაციურ მიდგომებს მოისაზრებს.
ხაზი რომ გავუსვათ, რა ისწავლება კურსის ფარგლებში?
სტუდენტები შეისწავლიან: ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიას, მარკეტინგის საფუძვლებს, „ინსტაგრამ“ მარკეტინგს, ფოტოგრაფიის საბაზისო კურსს და პერსონალური ბრენდინგს.
აღსანიშნავია მასტერკლასები, რომლებსაც საქართველოს წამყვანი ინფლუენსერები გაუძღვებიან და სტუდენტებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, თუ როგორ გახდნენ პროფესიონალები და წარმატებული აზრის ლიდერები.
უმეტესად, ვისზეა კურსი გათვლილი და რა შედეგებს მიიღებენ კურსდამთავრებულები?
სასერტიფიკატო პროგრამა დააინტერესებს ყველა იმ პირს, ვისაც სურს, გახდეს აზრის ლიდერი. მიიღოს და გაიღრმაოს ამ სფეროს მართვის ის უნარები, რომლებიც მას მისცემს საშუალებას, მოახდინოს გავლენა საკუთარ აუდიტორიაზე.
კურსი შედგება თეორიული ნაწილისა და პრაქტიკული მეცადინეობისაგან. პრაქტიკული სავარჯიშოები მოიცავს პროექტზე მუშაობას როგორც ჯგუფურად, ასევე – ინდივიდუალურად, პროექტის პრეზენტაციას და მის ინტერაქციულ განხილვას. სტუდენტები სწავლის პროცესში ჩართულნი იქნებიან ჩვენი პარტნიორების ღონისძიებებში, სადაც გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობებს. ჩვენი კურსი დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, დაუკავშირდნენ წამყვან ბრენდებს, რომლებიც სამომავლოდ მათი პარტნიორები იქნებიან.
კურსის გავლის შედეგად, მონაწილეები შეძლებენ – პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად მიიღონ სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებები; რაც მთავარია – აკეთონ საქმე, რომელიც უყვართ და, ამავდროულად, გამოიმუშაონ სოლიდური თანხა.
სასწავლო კურსს გაუძღვებიან: ელდარ პირმისაშვილი, ნინო იოსელიანი, შოთა ჩინჩალაძე, მარიამ ქათიბაშვილი, ანა ჩანგიანი, ნინო ელიავა, გოგა ჩანადირი, ზურა ბალანჩივაძე და თინა შალიკაშვილი.
სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/kxjqxgpR8G4ivz6g8