„ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა“ – ლადო პაპავა

„ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა, ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, ნელა და სწორი მიმართულებით, ფრთხილად მოქმედება სჯობს“, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა Bp.ge-სთან განაცხადა.
პაპავას განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, განსაკუთრებით ისეთი მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელიც იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ყველაზე მეტად განიცდის საგარეო შოკებს. ამ დროისთვის, მსოფლიოში საკმაოდ სტაბილური ვითარებაა, რადგან წამყვან ქვეყნებში ინფლაცია მოითოკა და საქონლის იმპორტთან ერთად ინფლაციის იმპორტი აღარ ხდება. ამან საშუალება მისცა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეემცირებინა.
შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება, სჯობს იმოქმედო ფრთხილად, ნელა და სწორი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე ინფლაცია მოთოკილია, ეს აისახა ქვეყნის შიგნითაც. იმიტომ, რომ თუ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის იმპორტი არ ხდება ადგილობრივი წარმოება, როგორც წესი არ განიცდის ინფლაციურ ზეწოლას და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ფასები ისე სწრაფად აღარ იზრდება, ვიდრე მაშინ როცა მაღალი ინფლაციაა.
ანუ ეს გამოიხატება უკვე ორ რამეში, ერთი რომ სავარაუდო, საპროგნოზო მაჩვენებელი ინფლაციისა მიზნობრივთან ახლოსაა და ეს ვითარება საკმაოდ კარგია და იმავდროულად, ადგილობრივ წარმოებაშიც ინფლაციური პროცესები არის ზომიერი“, – აცხადებს ლადო პაპავა.
მისი თქმით, შემდეგი კომიტეტის სხდომა 2024 წლის იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი და თუ გლობალურად შეიცვალა სიტუაცია ეს კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებაზე აისახება.
წყარო: bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ