ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებლებს დაუბრუნდება – TBC Capital

2024 წელი ნორმალიზებული მაკროეკონომიკური ტენდენციების წელი იქნება, როცა ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებლებს დაუბრუნდება. ამის შესახებ TBC Capital-ის ტრადიციულ მაკრო და სექტორულ პროგნოზ „2024 Unfolded“-ში წერია.
„უკრაინის კონფლიქტი, მოსალოდნელი მიგრაციის ნაწილობრივი გადინება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევრო/დოლარის ციკლი ყველაზე მნიშვნელოვანი გარეფაქტორებია, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზემოქმედების თვალსაზრისით არის გასათვალისწინებელი,“ – ნათქვამია პროგნოზის ძირითად მაჩვენებლებში.
TBC Capital-ის პროგნოზით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზემოთხოვნის ფუნდამენტური „დრაივერი“ 2024 წელსაც პოზიტიური დარჩება. 2022 წლიდან მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ 2024 წელს ფასები და გაყიდვები დასტაბილურდება. სამშენებლო ნებართვების მნიშვნელოვანმა ზრდამ, რომელიც 2023 წელს დაიწყო, შესაძლოა, 2024 წლის ბაზრის ძირითად პარამეტრებზე გავლენა იქონიოს.
ტურიზმში მოთხოვნის შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რადგან, TBC Capital-ის შეფასებით, საერთაშორისო ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ კიდევ ჩამორჩება. ერთის მხრივ, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტმა ტურიზმის სექტორზე, განსაკუთრებით, ბათუმში, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს, თუმცა მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის საზღვრის გახსნასთან ერთად ახალი ბაზრების დამატებამ შესაძლოა, ეს უარყოფითი გავლენა დააბალანსოს.
საცალო ვაჭრობაში ფასების დონე სტაბილური დარჩება და მოთხოვნა-მიწოდების ერთჯერადი ეფექტებიც არ ჩანს, შესაბამისად 2024 წელს საცალო ვაჭრობის ზრდა ზომიერ ორნიშნა დონემდე სტაბილიზდება. ბაზარზე ორგანიზებული შეღწევა მთავარი პარამეტრი იქნება, რაც 2024 წელს FMCG-ის (Fast-Moving Consumer Goods), ანუ სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლისა და კერვით სექტორში გასათვალისწინებელია.
TBC Capital-ის პროგნოზით, ქვეყანაშიელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის დადებითი ბალანსი 2024 წელს რეკორდულად მაღალ დონეს, ანუ 1 ტვტ/სთ-ს მიაღწევს. ნედლეულსა და კრიპტოვალუტაზე გლობალური ფასების დონის ცვლილება იქნება მთავარი ფაქტორი, რომელიც შიდა მოხმარებაზე გავლენას მოახდენს. ინდუსტრიაში ყველაზე მოსალოდნელ მოვლენად ბაზრის დერეგულირების დასრულება რჩება.
ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკის მხრივ, საქართველოსა და „შუა დერეფნის“ მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით TBC Capital პროგნოზირებს, რომ 2024 წელს სატრანსპორტო სექტორში დიდი წარმატებები არის მოსალოდნელი.
„ამ შესაძლებლობების გასაზრდელად და განვითარების მდგრად წყაროდ გადასაქცევად მნიშვნელოვანი იქნება სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომლებიც საბაჟო პროცედურებს, დიჯიტალიზაციასა და მიკვლევადობას უკავშირდება,“ – წერს TBC Capital.

ასევე დაგაინტერესებთ