ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება განაპირობებდა, შემცირებას კი ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება – სებ

საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება და ივნისში 2.2% შეადგინა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს ბოლო თვეებში კლებადი ტენდენცია აქვს. ივნისში საბაზო ინფლაციამ 1.4% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა, ხოლო შემცირებას ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება განაპირობებდა.
„საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება. ამავდროულად, საწვავის ფასების ზრდამ იმპორტირებული ინფლაციის არხით მთლიანი ინფლაცია გაზარდა. მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირების ეფექტი ეტაპობრივად იწურება, რაც საბაზო ინფლაციას ამცირებს. ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%-თან, ახლოს ნორმალიზდა. ივნისში ადგილობრივი ინფლაცია 2.8%-ს გაუტოლდა და მასში მთავარი წვლილი მომსახურების ფასების ცვლილებამ (1.9 პპ) შეიტანა, რაზეც მეტწილად გრძელვადიანი ფაქტორები და ინფლაციური მოლოდინები ახდენენ გავლენას. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებასთან ერთად, 2023 წლის დასაწყისიდან მომსახურების ინფლაცია კლებადია, რაც ადგილობრივ ინფლაციას ამცირებდა. შერეულად წარმოებული პროდუქტები ჯამში 0.2%-ით ძვირი იყო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ზეთის, ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს.
იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.3%-ს შეადგენდა, სადაც უდიდესი წვლილი საწვავის გაძვირებას ჰქონდა. მომსახურების ინფლაცია კლებად ტენდენციას განაგრძობს და ივნისში 4.2%-მდე შემცირდა. მომსახურების ინფლაციის თანდათან შემცირება საბაზო ეფექტს უკავშირდება. ყველაზე გამოსარჩევი აქედან საბანკო მომსახურების გაძვირების გავლენის ამოწურვაა.
წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასული წლის ივნისთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 25.2%- ით იყო გაზრდილი და მისი წვლილი ინფლაციაში 0.9 პპ-ს შეადგენდა. ხოლო ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება განაპირობებდა. კერძოდ, ელექტროენერგიის ტარიფი წლიურად 13.2%-ით შემცირდა, რამაც ინფლაცია 0.3 პპ-ით შეამცირა. სურსათის ფასები გასული წლის ივნისის ფასებს 1.7%-ით აღემატებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ