ინტერნეტში აფხაზები ქართველების გამარჯვებას განიხილავენ

გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ: „ საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“.
ტელეარხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ: „ხელისუფლება სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავს, ამიტომ რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ საქციელზე“.
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერია, თუ როგორ დააჯარიმა 2022 წელს ფიფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირი – გასახდელში ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა დროშა, რომელზეც სერბეთი კოსოვოს შემადგენლობაში იყო გამოსახული.
მწვავე დისკუსია გაიმართა აფხაზი ჟურნალისტის როინა აგრბას ფეისბუკპოსტის ქვეშ, რომელიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შედეგებს ეხებოდა.
აი, კომენტარების ნაწილიც:
„მათთვის ეს მართლაც ისტორიული წარმატებაა“.
„მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე ნაკლებად როდი თამაშობს“.
„თავიდან ვიფიქრე, რა ყოჩაღები არიან, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ-მეთქი (მეზობლურად მინდოდა მომელოცა), მაგრამ ფეხბურთელებმა აფხაზეთსა და ოსეთზე რომ დაიწყეს სკანდირება, ეს სურვილი გამიქრა (ფეხბურთელებს ეს არ უხდებათ, მიტინგზე ხომ არ არიან!)“.
„და ჩვენ რა გვესაქმება ამ ყველაფერთან? მით უფრო, რომ მთელი გუნდი თამაშის მერე ყვიროდა: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, და სტადიონიც ისტერიკულად იმეორებდა მათ სიტყვებს. სანამ მათ ტვინებსა და პოლიტიკაში ეს ფრაზებია, მათი წარმატება არ მაინტერესებს, არც სპორტში და არც სხვა სფეროებში“.
„ვნახე ვიდეო (მთელი „ტიკ-ტოკი“ წალეკეს), სადაც გულშემატკივრები და ფეხბურთელები თავიანთ საყვარელ ლოზუნგებს გაჰყვირიან. ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე გამოვარდნენ. სპორტი და ხელოვნება პოლიტიკას არ უნდა ეხებოდეს“.
კომენტარებში ქართველებიც გამოჩნდნენ:
„მალე ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გაერთიანებას“.
აფხაზი ოპოზიციონერი თემურ ნადარია:
„ჩვენ, აფხაზეთის ნაკრები, შეიძლება კიდევ 100 წელი ვერ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ თქვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას მაინც არ ვაპირებთ. ვცხოვრობდით უკვე საქართველოს სსრ-ის ფარგლებში, „აფხაზპერესელენცსტროის“ გამოისობით. აფხაზურ ენაზე ლაპარაკის უფლება არ გვქონდა, იყო ომი და გენოციდი. კარგი არაფერი გვინახავს. ახლა, არაღიარების პოლიტიკის, ეკონომიკური და სხვა სანქციების გამო, მათ შორის სპორტში, ევროპის ღონისძიებებში ვერ ვმონაწილეობთ. არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით, გამოსავალს ვიპოვით. მთავარია, ჩვენთან ფეხბურთი უყვართ. აფხაზეთის ჩემპიონატი არსებობს. არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიც არსებობს. ჯერ ასეა, მაგრამ ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ყველაზე მეტად ვაფასებთ. ეს დაიმახსოვრეთ“.
ჟურნალისტი როინ აგრბა:
„ყოველთვის ასე ხდება. როცა 2016 წელს ჩვენმა ნაკრებმა ConIFA (საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ფიფას მიერ უარყოფილ საფეხბურთო ასოციაციებს – რ.თ.) მოიგო და ქვეყანას უხაროდა, სამწუხაროდ, ქართველი ფეისბუკმომხმარებლების უმეტესობა ირონიულ კომენტარებს წერდა. დაგვცინოდნენ. პენჯაბთან ფსონებიც კი გააუქმეს, ოფისები დახურეს და ასე შემდეგ. თუმცა, კეთილის მსურველებიც იყვნენ, ისინი, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობდნენ ჩვენს ნაკრებს. და არანაირი პოლიტიკური ლოზუნგები და შეურაცხმყოფელი შეძახილები არ იყო. ამისთვის მოწიწებით თავს ვუხრი ჩვენს მოთამაშეებს და გულშემატკივრებს. სიმართლე გითხრათ, მინდა, მოვისმინო აფხაზი გულშემატკივრების გულწრფელი მილოცვა საქართველოს ნაკრების მიმართ. მოვისმინე კიდეც, სანამ ისეთი პოლიტიკური ლოზუნგები და შეძახილები არ გამოჩნდა, რომლებიც ჩვენი ფეისბუკმომხმარებლების უმეტესობას აღიზიანებს. ფეისბუკის მომხმარებლებო საქართველოდან, როდის ისწავლით, რომ უბრალოდ გაიხაროთ საკუთარი თავით და მეზობლების წარმატებითაც? მხოლოდ სპორტისა და პოზიტიური ემოციისთვის? აუცილებლად ყველაფერი რაღაც პირობითობაში უნდა მოაქციოთ? რაც წინასწარ იცით, რომ ოპონენტებს გააღიზიანებს? მიუხედავად ამისა, ვულოცავ ნამდვილ გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. ნაკრებმა ეს დაიმსახურა. ასევე ვუსურვებ, მიმოიხედონ და მიიღონ როგორც მოცემულობა, რომ სჯობს კეთილი მეზობლები ვიყოთ, კარგი ნათესავები, ვიდრე კონფრონტაცია შევქმნათ იქ, სადაც ის შეიძლება არ ყოფილიყო“.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 26 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს