ინტერვიუ ფსიქოლოგთან: ეს არ არის დანაშაულის პრევენცია, ეს არის ბავშვების დასჯაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება

“ეს არ არის დანაშაულის პრევენცია, ეს არის ბავშვების დასჯაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება” – ასე აფასებს “კანონთან კონფლიქტში მყოფი” მოზარდების შესახებ კანონპროექტს ფსიქოლოგი ნინო ტყეშელაშვილი.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა მე-11 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ცნობილია როგორც “არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო” დაწესებულება. ამის მსგავსი სახელწოდება ექნება სტრუქტურას, რომელიც “ქართული ოცნების” დაანონსებული კანონპროექტით უნდა შეიქმნას – არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი. დოკუმენტის მიხედვით, ამ “სახლში” გადამისამართდებიან “კანონთან კონფლიქტში მყოფი” 10-14 წლის მოზარდები.

ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა თუ ბავშვთა განრიდება-მედიაციის მიმართულებით, ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ბავშვების მოთავსება რაიმე ტიპის დახურულ დაწესებულებაში. მისი შეფასებით, ეს არათუ დადებით შედეგს მოიტანს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტ რისკს ქმნის ამ ბავშვების მომავლისთვის.

ნეტგაზეთი ტყეშელაშვილს ესაუბრა ინიციატივის შესახებ, რომელსაც ავტორები არასრულწლოვანთა “დახმარების, დაცვისა და სოციალური უნარების გამომუშავებისკენ” გადადგმულ ნაბიჯად წარადგენენ, უფლებადამცველები კი მას ბავშვთა საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ.

განმარტებით ბარათში კანონპროექტის შემუშავების მიზეზად დასახელებულია პრობლემა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებზე რეაგირებისთვის გამოიყენება. პირველ რიგში გკითხავთ, არის თუ არა ეს სწორი შეფასება და არის თუ არა საჭიროება, შეიქმნას ახალი სტრუქტურა ბავშვთა სავარაუდო დანაშაულების პრევენციისთვის?

როდესაც მსგავსი რაღაც კეთდება, უნდა იყოს კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული. მაგალითად, არსებობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც 7-დან 14 წლამდე ბავშვებს ემსახურება. მათი ერთ-ერთი დანიშნულება არის, რომ იმუშაონ ბავშვებთან, რომელთაც აქვთ რთული ქცევა. თუნდაც, ამ ცენტრში მიყვანილ ბავშვებზე გაკეთდა მოკვლევა, რომ ვთქვათ, არ მუშაობს ეს ცენტრი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დახურული დაწესებულება შევქმნა?! რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ გაკეთებულა.

კიდევ ამბობენ იმას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება გათვალისწინებული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. მაგრამ, კანონპროექტში არსად არ არის ნახსენები არც სოციალური მუშაკი, არც ფსიქოლოგი. არ არის ნახსენები იმიტომ, რომ ეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნები ნებისმიერი სპეციალობის, მათ შორის, შესაძლებელია, ნეპოტიზმით დასაქმებული ადამიანის მომზადებულ რაღაცა ჩანაწერს გულისხმობდეს, რომელიც, არ გამოვრიცხავ, რომ მიკერძოებულად შეაფასებს ამ ბავშვს – რა საჭიროებას გაწერს და რა სარეაბილიტაციო პროგრამას, არ ვიცით ჩვენ. არ ვიცით, იმუშავებს თუ არა ეს ყველაფერი.

ჩვეულებრივად, მსგავსი პროცესი ეფუძნება კვლევებს. მაგალითად, განრიდება-მედიაციის პროგრამა როცა დავაფუძნეთ, როცა ვმუშაობდით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, როგორც არასრულწლოვანებთან, ასევე ზრდასრულებთან, ყველა ამ პროცესს წინ უძღოდა მოკვლევა, ამ მოკვლევის შემდეგ პილოტი სამიზნე ჯგუფებთან, შემდეგ კი, უკვე ამ ყველაფრის საფუძველზე რაღაც მიმართულების დანერგვა.

დღეს ვიგებთ, რომ ასე უცბად გადაწყდა რაღაც, რაც ჩვენ მომავალ თაობას უქმნის საფრთხეს. მაგალითად, 10 წლის ბავშვი იპარავს ტკბილეულს … ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ბავშვებთან იმუშაონ ოჯახში – რა ხდება ოჯახში? – განათლების სისტემაში – რა ხდება სკოლაში? –  მოკიდებენ ამ ბავშვს ხელს და მიჰყავთ ჯერ ცენტრში და მერე დახურულ დაწესებულებაში. რატომ? იმიტომ, რომ სწორი მიდგომა, მუშაობა, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე – ეს არის საკუთარი თავის დადანაშაულება მსხვერპლის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი, რაც უკვე დამდგარია – უკრაინა ხელს არ მოაწერს, გამორიცხულია

სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე – არ შეიძლება ქვეყანა დამოკიდებული იყოს გარეთ მყოფ თანამოქალაქეებზე, თუნდაც ტრანსფერების გამო და თან უფლებებს ვუზღუდავდეთ, ეს ამორალურია