ინტერვიუ რეჟისორთან, რომელიც პოლიციაში მივიდა: სოლიდარობა იქნება დიდი მოძრაობის დასაწყისი

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე 20 ოქტომბერს, ღამით, პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნური გადაკეტვის“ საბაბით ადამიანები დააკავეს. მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონაც გადაკეტა რუსთაველი. ის პოლიციელებმა არ დააკავეს, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზეა ჩანიშნული.

„თუ არ გამოვალთ გამარჯვებულები ამ ბრძოლიდან, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ჩემი აზრით, არაფერს აზრი აღარ ექნება. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება სოლიდარული, დარტყმა შემსუბუქდება. თუ 10 ადამიანი გაიზიარებს ამ ხვედრს სოლიდარულად, თუ 100 და 1 000 გაიზიარებს, საბოლოოდ ანულირდება კიდეც ეს დარტყმა,“ – მიიჩნევს გიორგი თავართქილაძე.

როგორ შეიძლება დაამარცხოს რეჟიმი წინააღმდეგობამ? – „ბათუმელებმა“ რეჟისორთან და სამოქალაქო აქტივისტთან, გიორგი თავართქილაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • გიორგი, ხვალ, 12 საათზე გაიმართება თქვენი სასამართლო პროცესი. დღესაც აპირებთ რუსთაველის გადაკეტვას?

დიახ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე მაქვს ამის შესაძლებლობა. აუცილებლად გავდივარ და მაქვს იმედი, რომ მეტი ადამიანი გამოვა.

  • რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ისევ რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა? წინააღმდეგობაში ჩართული ზოგიერთი მოქალაქე ფიქრობს, რომ სჯობს პროტესტი ტროტუარზე გაგრძელდეს, რადგან ყველას თუ დააპატიმრებენ, ამ გზით პროტესტს ჩაახშობენ. 

როდესაც რამეს გვიზღუდავენ, თუ ჩვენ ამ შეზღუდვას ვთანხმდებით და ვემორჩილებით, მაშინ ის იქცევა კანონად. თუ ჩვენ რეჟიმს უფლება მივეცით და საშუალება, რომ კანონები გადაგვიჭიროს, მაშინ ის გახდება ლეგიტიმური ხელისუფლება. „ოცნება“ კი დღეს ლეგიტიმური ხელისუფლება არ არის.

თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ის ვეღარ მოახერხებს ჩვენს დასჯას, თუ ჩვენ ვიქნებით ცოტანი – ის ყოველ ჯერზე დაგვსჯის თითო-თითოს. თუ ჩვენ დავემორჩილებით რეჟიმს, ის მაინც დაგვსჯის. ამის ფაქტი სახეზეა: ადამიანები ტროტუარზე დგანან თვეების განმავლობაში და 5-5 ჯარიმა გამოუწერეს გზის გადაკეტვისთვის, ანუ ის ისედაც გზღუდავს.

ჩემი მიდგომაა ასეთია: მოდი, ორგანიზებული გაერთიანებით დავუპირისპირდეთ რეჟიმს. შეიძლება ზუსტად იგივე სიმძიმის დარტყმა მივიღოთ ჩვენ, მაგრამ ამას უკვე ექნება სხვა ფუნქცია და მნიშვნელობა – ის უკვე ვეღარ აღასრულებს კანონს, არა კი არა – ვეღარ! როდესაც, პირობითად, 10 000 ადამიანი გააკეთებს ერთი და იმავეს, ვთქვათ, 10 000 ადამიანი გააფერადებს კედლებს, 10 000 ადამიანი გადავა გზაზე და ასე შემდეგ, ის ვეღარ მოახერხებს ჩვენს დასჯას ან დაიწყებს შერჩევითად დასჯას.

როდესაც რაოდენობრივად ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს 10 000-მა გააკეთა და მან 10 000 კაცი ვერ დაიჭირა, აი, მაშინ დაიწყება რეჟიმის რღვევა: ერთადერთი, რაზეც დღეს რეჟიმი დგას, ეს არის ზუსტად აღმასრულებელი ფუნქცია და როლი. თუ ჩვენ მას გამოვაცლით ამ აღმასრულებლის ფუნქციას და როლს, ამ გზით და მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება რეჟიმი.

ვრცლად