ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რომ განვსაზღვროთ რა თარიღიდან ამოქმედდება ცვლილება – ნათია თურნავა

ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რომ განვსაზღვროთ რა თარიღიდან ამოქმედდება ცვლილება, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. აღნიშნული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება.
„2018 წლიდან საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად ჩამოდიოდა ქვევით, რადიკალური გარღვევა კი 2023 წლის 1 იანვარს მოხდა, როდესაც ის კონკრეტულ ფორმულას დაექვემდებარა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი ყველას, ვინც საპენსიო სესხი 2023 წლამდე აიღო, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება და საერთო ჩარჩოში მოექცევა.
ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ლიბერთი ბანკთან”, რათა განვსაზღვროთ, თუ რა თარიღიდან, როგორი სქემითა და პროცედურით ამოქმედდება ცვლილება, რადგან ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 150 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს”, – აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს სებ-ის პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერისა და „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 ათასზე მეტ საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება და 2023 წლის 1 იანვარს დაწესებულ პროცესს გაუთანაბრდება.