სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუსიანი BM.GE-სთან იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დადგებიან, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა.
მისი თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ინტელექტუალური რესურსის გადინებას უკავშირდება, რაც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა. ამასთან არსებობს საფრთხე, რომ უცხოური დაფინანსება შეჩერდება და ოპერირება ვეღარ გააგრძელებენ.
„პირველ რიგში ყველაზე დიდი საფრთხე ინტელექტუალური რესურსის გადინებას დაუკავშირდება, არჩევნების შემდეგ ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა. ჩემი ხედვით, ეს საფრთხე კიდევ უფრო მეტად მოიმატებს. ასევე, საფრთხე, რომ უცხოური დაფინანსებების შეჩერების შემთხვევაში ჩვენი საქმიანობა ვეღარ გავაგრძელოთ, არსებობს, რადგან ფინანსური რესურსების მოძიებას ადგილობრივი კომპანიები საერთაშორისო დონორების საშუალებით ახერხებდნენ. ზოგადად მხარდამჭერი ფინანსების მოძიებაც განსაკუთრებულად ხდება ხოლმე დასავლეთიდან. ეს ეხება განსაკუთრებით სოციალურ საწარმოებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა გვაქვს ასეთი, რომ თან რაღაცები კეთდება და თან ვერ კეთდება.
ამ წუთასაც სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც ქოლგა ორგანიზაციაა და აერთიანებს სოციალურ საწარმოებს, ერთ-ერთ შვედურ ორგანიზაციასთან ერთად საგრანტო კონკურსში იღებდა მონაწილეობას, რაზედაც გვაქვს დადებითი პასუხი. ვერ ვიაზრებთ როგორ უნდა მოვიქცეთ, რადგან არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება და რა საფრთხეების წინაშე დავდგებით. ზოგადად, ძალიან რთულია დღეს რაიმე განვითარებაზე ფიქრი“,- ამბობს სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე ცნობით, პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თუ რა პროცესებს გადის ქვეყანა და რას ვებრძვით.