„ინოვაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 24 სექტემბერს ამოქმედდება – რა შეღავათებს მიიღებენ სტარტაპები?

სტარტაპები და ისინი, ვინც ს დაფუძნებას გეგმავს საგადასახადო შეღავათებით 2025 წლის შემოდგომიდან ისარგებლებენ. „ინოვაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 24 სექტემბრიდან ამოქმედდება. „ინოვაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ინოვაციური სტარტაპისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს; შეღავათებით ისარგებლებენ ასევე ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიები და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიები. ცვლილებების შედეგად გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა ტექნოლოგიური პარკი, აქსელერაცია, ინოვაციური სტარტაპი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია. თითოეულ ტერმინს კანონში თავისი განმარტება აქვს.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლები ჯერ ცნობილი არ არის.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია;
მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.
საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიებიც. თუ კომპანია წინა წლის წმინდა მოგებიდან დივიდენდს გაანაწილებს, მას შეუძლია შეამციროს გადასახდელი მოგების გადასახადი იმ თანხის სამმაგი ოდენობით, რაც კვლევასა და განვითარებაზე დახარჯა წინა ფინანსურ წელს. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით.
საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიებიც. მათ მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დაიბეგრება, მოგების გადასახადის განაკვეთიც 5% იქნება.