ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო starlink-ის 10 ერთეულ სატელიტური მოწყობილობას და ინტერნეტს ყიდულობს – შესაბამისი მოთხოვნა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია 9 რეგიონული ტექნოპარკის უწყვეტი და სტაბილური ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად 10 ერთეული „სტარლინკის“ წარმოების (Flat HP ტიპის) მაღალი გამტარობის მიმღები ანტენა/სატელიტური მოწყობილობის და ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც 9 თვის განმავლობაში ინტერნეტმომსახურებას გულისხმობს.
შესყიდვის ღირებულება 63 466 აშშ დოლარია.
სააგენტოს ინფორმაციით, ტექნოლოგიური პარკები მუდმივად საჭიროებს უწყვეტ, სტაბილურ და მაღალი სიჩქარის ინტერნეტ კავშირს, რასაც საკაბელო ინტერნეტი რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს, განსაკუთრებით რეგიონულ ტექნოპარკებში, სადაც ხშირია გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების შემთხვევებში. ამის გამო, მათი თქმით, არამხოლოდ ფერხდება მიმდინარე პროცესები, არამედ ნეგატიურად ისახება სააგენტოზე, როგორც ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემის განმავითარებელ უწყებაზე.
GITA-ს ინფორმაციით, „Starlink-თან“ სააგენტოს თანამშრომლობა საქართველოს წარმოაჩენს კონკურენტუნარიან და მიმზიდველ ქვეყნად ციფრული ნომადებისთვისაც, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს IT პოტენციალის განვითარებას.
როგორც შესყიდვის დასაბუთებაში ვკითხულობთ, 10 ერთეული „სტარლინკის“ წარმოების (Flat HP ტიპის) მაღალი გამტარობის მიმღები ანტენა/სატელიტური მოწყობილობის მოწოდების საორიენტაციო ვადაა ერთი თვე, ხოლო ინტერნეტმომსახურების შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად 2024 წლის 1 აპრილიდან – 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ცნობისთვის, Starlink არის მსოფლიოში პირველი და უდიდესი სატელიტური ინტერნეტ მომწოდებელი, რომელიც იყენებს დედამიწის დაბალ ორბიტას ინტერნეტის მიწოდებისათვის. მისი გამოყენებით შესაძლებელია ვიდეოზარების, live streaming-ის და სხვა ბიზნეს აქმიანობისთვის საჭირო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიღება.