9 იანვარს, 14:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან გაიმართება შშმ პირების, მათი ოჯახებისა და მხარდამჭერების აქცია. ისინი აპროტესტებენ სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმებას.
მათი შეფასებით, სამმართველოს გაუქმება არა მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, არამედ ინკლუზიური განათლების საკითხის დღის წესრიგიდან სრულად მოხსნაა.
შშმ პირთა თემის კრიტიკის საგანია ისიც, რომ გადაწყვეტილება სამინისტროში მათი ჩართულობის გარეშე მიიღეს.
“გადაწყვეტილება მიღებულია თემის ჩართულობის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციისა, და საზოგადოების ინფორმირების გარეშე და არ ასახავს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელსაც სახელმწიფო გაეროს კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებს. განათლების სამინისტრო გვესაუბრება რეორგანიზაციაზე, როცა ინკლუზიური განათლების ჭრილში მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უმაღლეს განათლებაზე, ჯერ მუშაობაც არ დაწყებულა. უმაღლესი განათლება შშმ პირებისთვის კვლავ რჩება ფაქტობრივად მიუწვდომელ სივრცედ — ინფრასტრუქტურა, პროგრამები, მხარდაჭერის სერვისები და პოლიტიკა ან არ არსებობს, ან მხოლოდ ფორმალურად ფიქსირდება. იმის ნაცვლად, რომ განათლების სამინისტროს შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის და სტუდენტის ხარისხიან წვდომას უმაღლეს განათლებაზე, აუქმებს იმ სამმართველოს, რომელსაც უნდა ემუშავა ამ საკითხებზე. ინკლუზიური განათლება ის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას. სამმართველოს გაუქმება კი ნიშნავს, რომ: განათლების სისტემიდან გაქრა ის რგოლი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების უფლებების დაცვაზე; სახელმწიფო უარს ამბობს განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებაზე – თანასწორობაზე; ხდება თემის, მშობლებისა და სფეროს სპეციალისტების იგნორირება; ირღვევა მოქმედი სტრატეგიული დოკუმენტები, ეროვნული კანონმდებლობა და უგულებელყოფილია სტრატეგიული დოკუმენტები. მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, წარმოგვიჩინოს ეს ნაბიჯი როგორც “რეორგანიზიაცია”, რეალურად ჩვენ ვხედავთ პროფესიონალების სისტემიდან განდევნას, პასუხისმგებლობის დეინსტიტუციონალიზაციას და იმ ცოდნის მოშლას, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც შშმ პირთა საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
განათლების სამინისტროსთან დაანონსებულ აქციაზე ისინი მოითხოვენ სამმართველოს აღდგენას და პირობას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე სამინისტრო კონსულტაციას გაივლის თემის წევრებთან და ამ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან.
