„ინვესტორი რომ ვიყო, დღეს ამ ბიზნესში არ შევიდოდი“ – რატომ არ ინტერესდებიან წყალტუბოს სანატორიუმებით?

„მე რომ ინვესტორი ვიყო, დღეს ამ ბიზნესში არ შევიდოდი“ – Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელი და დირექტორი „საქმის კურსთან“ იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც წყალტუბოში ძველი სანატორიუმების აღდგენას აფერხებს.
ანდრო ჯიშკარიანი ამბობს, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ეს წლებია ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ითვლებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მისი აქტიური პოპულარიზაცია არ ხდება და ბალნეოლოგიური ტურიზმი მარკეტინგულ კამპანიებშიც სათანადოდ არ არის ასახული.
„ეს რომ ასახული იყოს, კურორტზე სასტუმროების დატვირთულობას დაეტყობოდა“, – ფიქრობს Legends Tskaltubo Spa Resort-ის დირექტორი და აღნიშნავს, რომ სასტუმროებისთვის დატვირთვა აქტიურ სეზონზეც გამოწვევაა, რომ არაფერი ვთქვათ წლიურ კოეფიციენტზე.
„დღეს, წყალტუბოში, სასტუმრო ნომრების მიწოდება მოთხოვნაზე მეტია. შესაბამისად, ინვესტორები მართალია, პირველ ეტაპზე ინვესტიციების ჩადებით ინტერესდებიან, სახელმწიფოსგან საკმაოდ ხელსაყრელი ფასით ქონების შეძენით, თუმცა რეალურ ჭრილში როდესაც ხედავენ რა ხდება კურორტზე, შემდეგ თავს იკავებენ. მე რომ დღეს ინვესტორი ვიყო, ამ ბიზნესში არ შევიდოდი. არის ისიც, რომ ეს ძველი სანატორიუმები ძალიან ამორტიზებულია. კონსტრუქციულ ნაწილს ვგულისხმობ. მათი რეაბილიტაცია არ არის რემონტის ჩატარება, არც კაპიტალური რემონტის ჩატარება. ხშირ შემთხვევაში, კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა შეუძლებელია ან მის აღდგენას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. აქედან გამომდინარე, ინვესტორები ან თავს იკავებენ ამ საქმის დაწყებიდან ან უკვე ნაყიდს უკან აბრუნებენ“, – ამბობს ანდრო ჯიშკარიანი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ ახალი პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ დაწყება დააანონსა და საპრივატიზაციოდ 14 ყოფილი სანატორიუმის შენობა გამოიტანა. ითქვა, რომ მათი მოლოდინით, წყალტუბოს აღდგენისთვის 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდებოდა. აუქციონებზე გამოტანილი რამდენიმე შენობის რეალიზაცია მოხერხდა, თუმცა, როგორც ირკვევა, სანატორიუმების ნაწილი ( „მედეა“, „მეშახტე“, „ცისკარი“) სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა. ბოლო ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმი “თბილისის” აღდგენა.