ინვესტორის შეუსრულებელი ვალდებულება – რა ეტაპზეა 4 წლის წინ გაყიდული ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია?

2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებით შეძენილი ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა, 4 წელზე მეტია ელოდება გახდეს მთავრობის მიერ დაპირებული რეგიონის ტურისტული ცენტრი.
ისტორიულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარე წლის თებერვალში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა და პროექტის ვადების გახანგრძლივება 2026 წლამდე მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებით გასხვისებული ქონების მონიტორინგს ახორციელებს, ირკვევა, რომ „ინვესტ ჯგუფი“ გადაცემულ უძრავ ქონებაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას ასრულებს.
თავდაპირველი საპრივატიზებო პირობის მიხედვით, არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტურისტული ცენტრის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და 4 000 000 ლარის ინვესტირება. ტურისტული ცენტრი უნდა მოეცვა ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცე, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავები, სპორტულ მოედანი და 6-ნომრიანი სასტუმრო.
აუქციონის პირობების მიხედვით ტურისტული ცენტრი შექმნიდან 10 წლის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. ტურისტული ცენტრის შექმნიდან 2 თვის ვადაში, 2 წლის ვადით ცენტრში არანაკლებ 20 ადამიანი უნდა დასაქმდეს. 26.02.2035 წლამდე არ განახორციელოს უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობა და ასევე, უძრავ ქონებაზე არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადავიდა. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ბიზნესმენ დუგლაძეებთან დაკავშირებული. თუმცა, კომპანიის დირექტორი დავით „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ შპს „ინვესტ ჯგუფი“ დამოუკიდებელი კომპანიაა და ის არანაირ კავშირში არ არის არც ერთ სხვა ბიზნესს ჯგუფთან, მათ შორის, არც დუგლაძეების ღვინის კომპანიასთან.