ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, შეხვედრები შედგა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – Citibank – ის, J.P. Morgan-ის და Bank of America-ს ჯგუფში შემავალ ისეთ კომპანიების ინვესტორებთან როგორებიცაა: Morgan stanley, Citi, Bank of America, Fidelity Investments, azimut group, PGIM, Aktia, Artisan Partners, Eaton Vance, Fidelity Boston (FMR), Janus Capital, TCW, Nationwide და სხვა.
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციებით წარდგნენ.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინვესტორებს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და საფინანსო სექტორში არსებული ვითარება გააცნო.
“როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გამოწვევების, მათ შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიმართ მდგრადობა აჩვენა. თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წარმატებულად იმართა ინფლაციური პროცესები. მაღალ ინფლაციური პერიოდის შემდეგ, ბოლო ორი წლის მანძილზე მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში კი ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მერყეობს. ჯანსაღია საფინანსო სექტორის ინდიკატორები, მაღალია ეკონომიკური ზრდა, მზარდია ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა ქართული საფინანსო ბაზრის მიმართ მაღალი ინტერესისა და ნდობისთვის. აღსანიშნავია, რომ გლობალურ ინვესტიციებზე ორიენტირებული ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და თავის მხრივ მომავალშიც დაინტერესებული არიან დამატებითი ინვესტირებით”, – იტყობინება სებ-ი.
„საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო ინტენსიური შეხვედრები ინვესტორებთან. ეს არის გლობალური საინვესტიციო ფონდები, მათგან ერთი ნაწილი აქტიურად არის წარმოდგენილი ჩვენს ბაზრებზე, მეორე ნაწილი კი მომავალში გეგმავს შემოსვლას, რათა შეიძინოს მთავრობის ფასიანი ქაღალდები. ინვესტორები ასევე ინტერესდებიან კორპორატიული ფასიანი ქაღალდებით – ეს არის პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში და ახალი ფინანსური ნაკადები. ჩვენ მათ, ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გავაცანით ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ჩვენი საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ინვესტორებთან შეხვედრებს ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.