ინვესტორების მხრიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი გაზრდილია – „არქი“(bm.ge)

კომპანია „არქიში“ აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი გაზრდილია. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან გაზრდილი ინტერესი უკვე რეალურ საინვესტიციო ნაკადებში აისახება. თუ აქამდე ქართული დეველოპერული კომპანიები თავად ცდილობდნენ უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებას, დღეს ინიციატივა ინვესტორების მხრიდან მოდის, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.„ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ რეალობაზე, რაც ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებულია, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია მოთხოვნა ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან. თუ აქამდე ჩვენ პროაქტიურად ვცდილობდით საბროკერო და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირებას, დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა და ინიციატივა თავად მათ მხარეს გადავიდა. უკვე ისინი გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, შევქმნათ სხვადასხვა საინვესტიციო პაკეტები მათი პოტენციური ინვესტორებისთვის.აღსანიშნავია, რომ ეს ინვესტორები ძირითადად იმ ბაზრებზე იყვნენ ორიენტირებული, როგორიცაა დუბაი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან და მიმზიდველ მიმართულებად ითვლებოდა უძრავი ქონების თვალსაზრისით. თუმცა დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა და უკუგება მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბაზარზე ჩნდება გადანაწილების შესაძლებლობა. ის საინვესტიციო ნაკადები, რომლებიც ადრე დუბაიზე მოდიოდა, ახლა შეიძლება სხვა ქვეყნებზე გადანაწილდეს. სწორედ ამ კონტექსტშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ და აქ მოქმედმა დეველოპერულმა კომპანიებმა გამოიჩინონ მაქსიმალური აქტივობა, რათა ამ ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოვიზიდოთ.ამისთვის საჭიროა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, რათა სწორად და ეფექტურად წარმოვაჩინოთ ის უპირატესობები, რაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს აქვს. ეს უპირატესობები მოიცავს ტრანზაქციების სიმარტივეს, ინვესტიციის შედარებით მაღალ უკუგებას, ბაზრის სტაბილურობასა და სანდოობას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება და ამ გზაზე უკვე დგას“, – განაცხადა ხეცურიანმა.წყარო: bm.ge