„ინვესტორებისთვის საინტერესოა ორი ფაქტორი – საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და სტრატეგიული ადგილმდებარეობა“ – მიხეილ ხიდურელი

მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს შესახებ ვიდეო და სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბად მოიხსენია. „როიტერსი“-ს ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. „როიტერსი“-ს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა.
როგორც სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი ვიდეოში აღნიშნავს, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გადამწყვეტი ფაქტორია, რაც ინვესტორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ინტერესს უჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
„სტრატეგიული პოზიცია გვიქმნის კონკურენტულ უპირატესობას და მოქნილობას გვქონდეს წვდომა ევროპულ და აზიურ სამომხმარებლო ბაზრებთან, მათ შორის ჩინეთსა და ევროკავშირთან. განსაკუთრებით ახლა, საქართველოს სავაჭრო დერეფნის როლი კიდევ უფრო ძლიერდება და ვხედავთ, რომ მისი მნიშვნელობა ვლინდება, როგორც ვაჭრობის, ასევე, ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდის კუთხით“ – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ქვეყნის ბიზნეს შესაძლებლობებზე საუბრისას ხიდურელმა ხაზი გაუსვა უძრავი ქონების სექტორს, რაც, მისი თქმით, მულტიპლიკაციურ ეფექტს ახდენს სხვა სექტორებზეც, მათ შორის ენერგეტიკაზე. სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს BPO და IT სექტორები – მოცემულ დარგებში მოქმედი კომპანიებისთვის უმთავრეს ფაქტორს კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და საქართველოს ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია.
„საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა ინვესტორთა ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად იქნება არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, ახალი სტიმულების შექმნა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერება, რათა საქართველო მდგრადად ინარჩუნებდეს ლიდერის პოზიციას“ – აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
„როიტერსის“ მიერ მომზადებული მასალა განთავსებულია ბმულზე: https://plus.reuters.com/enterprise-georgia-gateway-to-growth/p/1
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს