ინვესტიციები უკვე მუდმივად იკლებს, მთელი იმედი ახლა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეა

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. 2023 წლის სტატისტიკა ამ მხრივ არასახარბიელოა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა. მათ შორის, შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ, სანქციებით შანტაჟმა და სხვა, რამაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგა. დიდი ალბათობით, კლების ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება, რაც უკვე ს გავლენით იქნება გამოწვეული. მომავალი წლიდან კი ამ მხრივ დადებით ფაქტორად შეიძლება იქცეს ანაკლიის პორტის პროექტი, რაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აჭარბებს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპონენტების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: მთლიანი მოცულობიდან 1.21 მილიარდი დოლარი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, 83.7 მლნ დოლარი კი – რეინვესტიციამ. სააქციო კაპიტალის მოცულობა წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 50.7%-ით აღემატება.
გამოქვეყნებული სტატისტიკის საფუძველზე ეკონომისტები ინვესტიციების კუთხით არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გარკვეული ნეგატიური გავლენა საინვესტიციო გარემოზე აშკარაა, მაგრამ ეს ვითარებას ვერ დაამძიმებს.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ ინვესტიციებზე მთავარი გავლენა პოლიტიკურმა მდგომარეობამ მოახდინა.
“ინვესტიციებზე დიდ გავლენას ახდენს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც გულისხმობს, როგორია ბიზნესგარემო ქვეყანაში, რამდენად ჯანსაღი პირობებია ინვესტიციებისთვის, ასევე სამართლიანი საამართლო სისტემა, კალიფიციური მუშახელის არსებობა და სხვა, რაც დიდწილად აფერხებს ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში. ჩვენ ამ მხრივ გარკვეული გამოწვევები გვაქვს და შედეგიც სახეზეა. სიმართლე ითქვას, 2023 წელი ქართული საფინანსო კომპანიებისთვის რთული იყო, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სექტრორმა ინვესტიციების კუთხით კლება აჩვენა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე პოლიტიკური არასტაბილურობა მოქმედებს. გასათვალისწინებელია ასევე გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც ძალიან მაღალია, მით უმეტეს სანქციების თემაც დაემატა და ინვესტიციების მხრივ ამანაც ცუდად იმოქმედა. შექმნილი სიტუაცია ერთობლივად მოქმედებს და ბიზნესგარემოს არამიმზიდველად წარმოაჩენს”, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მართალია, მომავალში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მოლოდინი საინვესტიციო გარემოზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიან პერიოდშია მოსალოდნელი, წლის ბოლომდე ინვესტიციები ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დარჩება.
,,სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესება არ ნიშნავს, რომ ვითარება საგანგაშოა. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დღვანდელი ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა პოტენციურად იმის საშუალებას, რომ უცხოური კაპიტალის მოცულობა გაიზარდოს. ანაკლიის პორტზე ამ მხრივ გარკვეულ იმედს ვამყარებთ, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა. ველოდებით, რომ ჩინური ინვესტიციები გაძლიერდება, კონკურენცია გაიზრდება და მეტი საშუალება გაჩნდება ინვესტორებისთვისაც, მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გაგრძელდება. პროფესორ რამაზ გერლიანიის თქმით, არსებული არასტაბილურობისა და არჩევნების ფონზე, სავარაუდოა, რომ წელს კიდევ უფრო დაბალ შედეგზე გავიდეთ.
“ინვესტიციებში ცალსახად კლებაა, რასაც პოლიტიკური ვითარებაც ხელს უწყობს. წინ არჩევნებია და ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ ძალიან რთული თვეები გველოდება. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ინსტიტუციური განვითარება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა. როგორც კი კითხვის ნიშნები ჩნდება ამ მიმართულებით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის მიმართ ინტერესმა არ დაიკლოს. სწორედ ეს მოხდა 2023 წელს და ამიტომ მივიღეთ ასეთი არასასურველი ტრენდი.
ტენდენცია გაგრძელდება, არადა გაცილებით მეტი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა აქვს საქართველოს და მასთან მიმართებით საინვესტიციო ნაკადი მცირეა. მინიმუმ 15-20 პროცენტს უნდა შეადგენდეს მშპ-ში საინვესტიციო ნაკადები, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზერული მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, რაც ასევე ძალიან ცუდია და საინვესტიციო პრობლემებზე მიგვანიშნებს”, – აღნიშნა გერლიანმა.
არასახარბიელო მოცემულობაა დარგობრივ ჭრილშიც, ინვესტიციებმა იკლო სოფლის მეურნეობის, სამთო-მომპოვებითი დარგების მიმართულებით და სამშენებლო სექტორში, როცა ტენდენცია აქამდე მზარდი იყო.
,,პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს არჩევნების გამოც და საინვესტიციო კლიმატი შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. როდესაც მცირე ინვესტიციაა, ნებისმიერ წელს შეიძლება შეიცვალოს ლიდერი ქვეყნები. ევროკავშირი და აზიური ქვეყნების მხრიდან საინვესტიციო ნაკადები რეალურად ძალიან მცირეა. ჩვენ რომ გვქონოდა ზრდა, თუნდაც 7%-მდე, მაშინაც კი არ ვიქნებოდით კმაყოფილი, ახლა პირიქით, კლებაა და ამაზე ცუდი მაჩვენებელი არც კი შეიძლება ბოლო პერიოდში რაიმე ეკონომიკურ პარამეტრში ფიქსირდებოდეს.
ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია, რამდენად მოვახერხებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, ასევე რამდენად შევძლებთ და გავხდებით საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი საზოგადოება, რომ შევძლოთ მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარება, რაც მსოფლიო ბაზრებზე გაიყიდება. ამ ყველაფერს თუ მოვახერხებთ, ნამდვილად მოგვცემს კეთილდღეობას მომავალში, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ”, – განაცხადა ეკონომისტმა.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს. მათ ჩამონათვალში ცვლილებები არ არის, თუმცა დაზუსტდა განხორციელებული კაპიტალდაბანდებების მოცულობები. მთავარი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგია: ნიდერლანდები – 386.3 მლნ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 364.3 მლნ დოლარი; აშშ – 182.2 მლნ დოლარი; თურქეთი – 109.5 მლნ დოლარი; – 103.3 მლნ დოლარი; ჩინეთი – 98.4 მლნ დოლარი;
ეკონომიკის სექტორების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზე ვაჭრობის სექტორია, მესამეზე კი დამამუშავებელი მრეწველობის სექტორია.
წყარო: რეზონანსი