საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მარტის ბოლოს მოეწერა. სების განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლობა ქართულ საბანკო სექტორს საშუალებას აძლევს ჩინეთის დიდ ფინანსურ ბაზარს წვდომა ჰქონდეს, ტრანზაქციები გაფართოვდეს და საკორესპონდენტო კავშირები გაძლიერდეს.
თუმცა, ამასთან ერთად, ფინანსისტებისა და ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა, შესაძლოა დოლარის ჩინური ვალუტით ჩანაცვლებაც მოიაზრებოდეს.
ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, დოლარის ჩინური იუანით ჩანაცვლება გამორიცხულია, თუმცა, როგორც ის „კომერსანტთან“ აღნიშნავს, თავის მხრივ ჩინურ საბანკო სექტორთან თანამშრომლობამ შესაძლოა გადარიცხვების ფალსიფიკაცია გაამარტივოს.
„დოლარის არსებობას და მაღალ დოლარიზაციას განაპირობებს კერძო სექტორის, ისევე როგორც საერთაშორისო მოთამაშეების მაღალი მოთხოვნა. იმპორტზე რაღაც დოლარით შემოგვაქვს და უცებ გამოუცხადო, ჩინურ იუანზე გადაგიხდიო, ასეთი რამ არ ხდება. ნულოვანი შანსია, დოლარის ან სხვა ვალუტის ჩინური ვალუტით ჩანაცვლება, რადგან ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობა მხოლოდ დოლარის ვალუტაში გვაქვს. ჩინურ საბანკო სექტორთან თანამშრომლობა ეს არის ალბათ, გადარიცხვების ფალსიფიკაციის ხელშეწყობაა, რომ საერთაშორისო გადარიცხვებში ჩაებან ჩინური ბანკები. ამაში, ცუდი არაფერია, თუმცა გარკვეული რისკები არის, მაგალითად ის რომ, რასაც სხვა შემთხვევაში საერთაშორისო საბანკო სისტემა არ მიიღებდა, შესაძლოა ჩინურმა ბანკებმა მიიღოს“,- აღნიშნა რევიშვილმა.
მისივე თქმით, 2024 წელს FDI-ის მოცულობის მასშტაბური შემცირება არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების შემცირებულ ინტერესებზე მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ საქართველო, ზოგადად ყველა მსხვილი ინვესტორისთვის არამიმზიდველი ქვეყანა გახდა.
„ინვესტიციების მხრივ საქართველო არამიმზიდველი ქვეყანა გახდა, არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებისა და ამერიკისთვის, არამედ ყველასთვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ დინამიკა კლებადია. რაც შეეხება უცხოური ინვესტიციების ოფშორული ქვეყნებიდან ზრდას, აქაც ბევრი კომპანიაა, რომელიც ქართული მფლობელობით ოფშორებშია რეგისტრირებული, შესაბამისად, ინვესტიციები თუ ამ კომპანიების სახით ხორციელდება, ოფშორულ ინვესტიციად აღირიცხება, რეალურად კი ქართულია“,- აღნიშნა ვასილ რევიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
