“ინვესტიციების კლება მარტიდან გაცილებით ხელშესახები იქნება” – შალვა ცხაკაია

საქართველოში მეორე წელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. გასულ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკურ სექტორებში მილიარდ 333 მილიონი დოლარი FDI ჩაიდო, 29,9%-ით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინვესტიციების კლებას გასულ წელს სააქციო კაპიტალის 60%-ით, რეინვესტციის მაჩვენებლის კი 26,4%-ით კლებას უკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში, ახალი ინვესტორები არ ჩანან. საქსტატიდან გამოთხოვილი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების -10-ეულში შედიან აიდიეს ბორჯომი საქართველო, მაგთიკომი; თბილისი ენერჯი; ენერგო – პრო ჯორჯია; ტოიოტა კავკასია და ის კომპანიები, რომლებიც აქამდეც გვხვდებოდა ჩამონათვალში.
იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი შალვა ცხაკაია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იან კლებას გასული წლის გაზაფხულზე რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ინვესტორთა შეცვლილ განწყობებს უკავშირებს, თუმცა იურისტს მიმდინარე წელთან დაკავშირებით გაცილებით პესიმისტური მოლოდინები აქვს.
“ის შედეგი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, გამოწვეულია გაზაფხულის დროინდელ კრიზისთან. ჩვენ შემოდგომაზე გვქონდა ახალი კრიზისი, რომელთან დაკავშირებული ახალი ინვესტიციების შეჩერების გადაწყვეტილებების შედეგი ჯერ არ დაგვინახავს. 3-4 თვე ხანდახან უფრო მეტიც არის საჭირო იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად ეკონომიკას რა დააკლდება იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიღებულ იქნა ნოემბრის ბოლოს, როდესაც გაცხადდა ჩვენი ევროპული ვექტორის შეჩერების შესახებ უმაღლესი პოლიტიკური პირისგან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ მარტიდან გამოჩნდება და ხელშესახები იქნება ინვესტიციების კლება.
ახალ ინვესტიციებს სანთლით ვეძებთ და ვერ ვიგებთ, ძირითადად ეს არის ადრე დაგეგმილი მიმდინარე პროექტები, დამხმარე პროექტები მიმდინარე ინვესტიციის ან რეინვესტიცია. ასეთი ინვესტორებიც კი თავს იკავებენ დიდი და რისკიანი გადაწყვეტილებებისგან”- აცხადებს შალვა ცხაკაია.