ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 10 მთამსვლელი

ინდონეზიის კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში მარაპის მთაზე ვულკანის ამოფრქვევას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონაში მყოფი კიდევ 10 ალპინისტი დაკარგულად ითვლება. მათ ძებნას ართულებს მუდმივი ვულკანური აქტივობა და უამინდობა. მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს.
სუმატრაში ვულკანის მარაპის ამოფრქვევისას ფერფლის სვეტი 3 კმ სიმაღლეს ასცდა. ფერფლმა რამდენიმე სოფელი დაფარა. ვულკანის სიმაღლე 2891 მეტრია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამოფრქვევის მომენტში ვულკანის მიმდებარედ 75 ადამიანი იმყოფებოდა. 52 გამოიყვანეს, მათგან ბევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა დამწვრობის გამო.
მარაპი კუნძულ სუმატრაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, მისი ყველაზე დამანგრეველი ამოფრქვევა 1979 წლის აპრილში მოხდა, რა დროსაც 60 ადამიანი დაიღუპა.
ინდონეზიის არქიპელაგი, რომელიც შედგება 18 ათასი კუნძულისგან, მდებარეობს წყნარი ოკეანის ე.წ. ვულკანური ცეცხლის რგოლში. სეისმური აქტივობა ამ ზონაში თითქმის არასოდეს წყდება. ინდონეზიაში 127 აქტიური ვულკანია.