ინდონეზიამ Apple-სა და Google-ს აპლიკაცია Temu-ს დაბლოკვის თხოვნით მიმართა

ინდონეზიამ Alphabet-სა და Apple-ს მცირე მოვაჭრეების დასაცავად, ჩინური სავაჭრო აპლიკაცია Temu-ს დაბლოკვა სთხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.
ინდონეზიის კომუნიკაციების მინისტრის, ბუდი არიე სეტიადის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის პრევენციულ დაცვას PDD Holdings Temu-ს მიერ შემოთავაზებული იაფი პროდუქტებისგან.
Temu-ს ბიზნეს მოდელია მომხმარებლები პირდაპირ ჩინეთში, ქარხნებთან დააკავშიროს, რაც ფასების მნიშვნელოვან შემცირებას და “არაჯანსაღ კონკურენციას” უზრუნველყოფს. ბუდის ცნობით, მთავრობა მსგავსი დაბლოკვის მოთხოვნას, ჩინურ სავაჭრო სერვის Shein-ზეც გეგმავს.
Reuters-ის ინფორმაციით, ინდონეზიის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამ დრომდე Temu, Apple და Google კომენტარს არ აკეთებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურის სახელმწიფო ინვესტორის Temasek Holdings-ისა და საკონსულტაციო კომპანია Bain & Co-ს მოხსენების თანახმად, ინდონეზიის ელექტრონული კომერციის ინდუსტრია, 2030 წლისთვის 160 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
წყარო: bm.ge